ისრაელი და ჰამასი ტყვეების გასაცვლელად ცეცხლის ოთხდღიან შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ისრაელის ხელისუფლებამ და ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა საბრძოლო მოქმედებების ოთხი დღით შეჩერებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული მხარეებს ტყვეების გაცვლის შესაძლებლობას მისცემს. ჰამასის მხრიდან საუბარია 50 მძევალზე, რომელიც ქალაქ ღაზაში ჰყავთ დაკავებული, კი 150 პალესტინელის გათავისუფლებას გეგმავს.
გამოცემა წერს, რომ სავარაუდოდ შეთანხმებაში დასახელებული 50 მძევალი მხოლოდ მცირე რაოდენობაა იმ პირების, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელის კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაჯგუფების წევრებმა გაიტაცეს. არსებული ცნობებით, ღაზაში ჰამასს 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს გატაცებული.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ს განცხადებით, მძევლებს შორის, რომელთაც ჰამასი ისრაელს გადასცემს, ქალები და ბავშვები იქნებიან. მისი თქმით, პროცესი 4 დღეს გასტანს და ყოველი 10 მძევლის გათავისუფლების შემდეგ პაუზა ერთი დღით გაგრძელდება. „როიტერსი“ აღნიშნავს, რომ სიტყვით გამოსვლისას ნეთანიაჰუს არაფერი უთქვამს საპასუხოდ, ისრაელის მიერ 150 პალესტინელის გათავისუფლებაზე.
თუმცა, ჰამასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელი 150 პალესტინელ ქალსა და ბავშვს გაათავისუფლებს, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებიან. ამასთან, დაჯგუფების თქმით, შეთანხმების ფარგლებში ღაზაში ასობით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო შევა — ტვირთს შორის იქნება საწვავი, რომლის ღაზაში შეტანას ისრაელი ამ დრომდე ბლოკავდა.
ისრაელმა ჰამასს ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1400-ზე მეტი ადამიანი, მათგან 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.
ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ჰამასის მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ბავშვია.
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

ასევე დაგაინტერესებთ