გილოცავთ დღევანდელ დღეს, 9 აპრილი არის საქართველოს გამარჯვების დღე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს 9 აპრილის მემორიალთან განუცხადა, სადაც დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო უახლოეს მომავალში აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
„ერთიანმა, ძლიერმა ქართველმა ერმა 1989 წლის 9 აპრილის საფუძველზე, 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმ რეფერენდუმის შედეგად, რომელიც ჩატარდა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ კიდევ უფრო მძიმე გამოწვევები იყო, ვიდრე დღეს გვაქვს. ამიტომ, დღეს, 9 აპრილს ღიად მინდა ვთქვა, საქართველო ახლო მომავალში აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რითაც ათწლეულები და ასწლეულები ჩავაბეტონებთ ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, კეთილდღეობას და წინსვლას. ამას ვერავინ ვეღარ შეაბრუნებს უკან. ამიტომ, დღეს ისევე როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, პოზიტივზე, წინსვლაზე, გამარჯვებაზე ორიენტაცია. ევროპა გველოდება და ჩვენც უნდა შევაბიჯოთ ამაყად ევროპაში“, – განაცხადა ვაშაძემ.