გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ – ვინ ხართ, საიდან მოხვედით? ხან ვფიქრობ, სინდისი, ნამუსი აღარ შერჩათ ამ ადამიანებს – რატომ არის ასეთი დაბალი ანაზღაურება საბავშვო ბაღებში აღმზრდელებზე საქართველოს მასშტაბით?

ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს მინდა მივმართო – რატომ არის ასეთი დაბალი ანაზღაურება საბავშვო ბაღებში აღმზრდელებზე? – რუსული კანონისთვის გცალიათ, ქალების კვოტირების გაუქმებისთვის გცალიათ, ყველაფერი, რაც ანტიევროპულია, გცალიათ – რანაირად შეიძლება, რომ თქვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია ის, რაც საზოგადოების ინტერესში არ შედის? – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, მ პარტიის ოფისში საბავშვო ბაღის მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას მომავალი არ აქვს.
“ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს მინდა მივმართო – რატომ არის ასეთი დაბალი ანაზღაურება საბავშვო ბაღებში აღმზრდელებზე მთელი საქართველოს მასშტაბით? როგორ მოხდა ისე, რომ მაგალითად, სომხეთში საბავშვო ბაღებში მინიმალური ანაზღაურება არის 310 დოლარი. საქართველოში, მაგალითად, ხონში რომ გავიაროთ 272 ლარია, ხობი – 250 ლარი, გურჯაანი – 138 ლარი. აღმზრდელს აქვს 138 ლარი ხელფასი. მაგალითად, მეორე ცვლის აღმზრდელი თბილისში – 294 ლარი. არამარტო საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებში, სამუსიკო სკოლებში კატასტროფული მდგომარეობაა ხელფასების კუთხით. კითხვას გისვამთ – როგორ შეიძლება, რომ ამ ადამიანებმა ელემენტარულად იმუშაონ ამ დაბალ ანაზღაურებაზე? რანაირად შეიძლება თავი გაიტანონ? რუსული კანონისთვის გცალიათ, ქალების კვოტირების გაუქმებისთვის გცალიათ, ყველაფერი, რაც ანტიევროპულია, გცალიათ. რაც ანტიევროპულია ყველაფერს ბიუჯეტიდან აფინანსებთ. რანაირად შეიძლება, რომ თქვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია ის, რაც საზოგადოების ინტერესში არ შედის? რატომ არის ასეთი უდიერი დამოკიდებულება? ნუ იტყვით, რომ ბიუჯეტში ფული არ არის.
ამ ფონზე რომ მოდიხართ და ამ კითხვებს პასუხებს არ სცემთ, პარლამენტში დაჩქარებულად დააინიცირეთ ისევ “რუსული კანონი”. საზოგადოებას ვეუბნები – ხალხო, საქართველოს მომავალი არ აქვს ამ ადამიანებთან ერთად. კანონი, რომელიც ხალხმა უკან გაატანინა, ისევ უკან უნდა შემოიტანოთ, რადგან არ ვისაუბროთ იმ უზარმაზარ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რაშიც საზოგადოება ჩააგდეს.
ვინ ხართ, საიდან მოხვედით? ხან ვფიქრობ, ან სინდისი ან ნამუსი, რამე აღარ შერჩათ ამ ადამიანებს?”-განაცხადა ვაშაძემ.