ივანიშვილი რუსული კანონის საკითხზე ოცნების თანამოაზრეა

“გუშინდელ სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა და ის არის ჩვენი თანამოაზრე ამ საკითხში.” – თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მ ბრიფინგის შემდეგ, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” რუსული კანონი ოცნებამ ხელახლა დააინიცირა.
“პირდაპირ გეუბნებით, უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა და ის არის ჩვენი თანამოაზრე ამ საკითხში. მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრი არის ამ საკითხის თანამოაზრე. შესაბამისად, ეს შეთანხმებულია პოლიტიკურ საბჭოსთან.
სხვათა შორის, აქვე გაგიმხელთ, ამაზე საუბარი დაიწყო გუშინწინ, უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც არის ტრადიციული სხდომა და გაგრძელდა გუშინ, რადგან უმრავლესობის სხდომაზე სხვა საკითხები იყო. მათ შორის იყო ლგბტ პროპაგანდის პრევენციის, ვეტინგის საკითხები. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია და ვადასტურებ იმ ინფორმაციასაც, რომ სხვა იმ თემებზეც იყო საუბარი, რაც გავრცელდა. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, საკვანძო საკითხი იყო ეს და გუშინ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენს განცხადებაში აისახა. პოლიტსაბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, საპატიო თავმჯდომარე დეტალურად საქმის კურსშია და იაზრებს ამ განცხადების პათოსს სიტყვა-სიტყვით, ყველანი ვართ ერთ აზრზე”. – განმარტა მდინარაძემ.
2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო – გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.
10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.