კამანის ხილული სასწაული – 3 აპრილს დაიბადა ბერი ანდრია (პაატა ყურაშვილი)

1966 წლის 3 აპრილს დაიბადა ბერი ანდრია (პაატა ყურაშვილი).
სწავლობდა ტექნიკურ სასწავლებელში და პარალელურად რადიოქარხანაში მუშაობდა; იყო ჩემპიონი კარატესა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, იმსახურა ჯარში.
1992 წლის 3 აპრილს პაატა ყურაშვილი ბერად აღკვეცეს და ანდრია პირველწოდებულის პატივსაცემად ანდრია უწოდეს. იმავე წლის აგვისტოში მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. ამის შემდეგ მამა ანდრია ასკეტურად ცხოვრობდა. სამოღვაწეოდ აფხაზეთში გადაიყვანეს და მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის -ის ლოცვა-კურთხევით სოხუმიდან 15 კილომეტრით დაშორებულ კამანში წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამღვრად დაინიშნა.
1993 წლის 5 ივლისს კამანი ჩაიკეტა. აფხაზებმა სოფელი ალყაში მოაქციეს. ფიზიკურად ძლიერი და გონებით სავსე 27 წლის ახალგაზრდა მტერს არ შეუშინდა. სიკვდილი ძალიან ახლოს იყო, ამიტომ მამა ანდრიამ ყველას მოუწოდა, ღირსებითა და მორჩილებით მიეღოთ ღვთის მიერ მოვლენილი მძიმე განსაცდელი. სიმშვიდე არც მაშინ დაუკარგავს, როცა მტერი კამანში შევიდა და ბრძოლის ხმა უკვე ეკლესიის ახლოს ისმოდა. ეკლესიაში ყვირილის ხმა შემოესმათ, კამანის ინვალიდთა სახლის მოხუცები დახმარებას ითხოვდნენ. მამა ანდრია არ შეშინდა და ტყვიების წვიმაში მოხუცებისაკენ გაეშურა. სულ მალე ბრძოლა ეკლესიის ეზოში გაჩაღდა.
ღამის 3 საათზე მოძღვარმა ეკლესიაში მყოფნი აზიარა, დილის ხუთის ნახევარზე ისინი ალყაში მოაქციეს. მამა ანდრიას კურთხევით ეკლესიის აღმდგენმა იური (გიორგი) ანუამ მტერს კარი გაუღო. ცოტა ხნის შემდეგ მამა ანდრიაც გაიყვანეს ტაძრიდან. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. კისერში ესროლეს. იმის ნაცვლად, რომ წინ დაცემულიყო, როგორც ჩვეულებრივ ხდება, მამა ანდრია ზურგით დაეცა. ეკლესიაში გამოკეტილებმა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაიგეს, რომ მათი მოძღვარი მოკლეს. მამა ანდრიას სხეული მიწაზე იდო, სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა.
კამანის ეკლესიის მრევლმა თვალნათლივ იხილა სასწაული. ივლისის თაკარა სიცხეში მამა ანდრიას სხეული უხრწნელი დარჩა. გვამს ჭრილობიდან სისხლი ისევ სდიოდა და მკვლელობის ადგილას დაღვრილიც არ დედდებოდა. ამ სასწაულს აფხაზებიც შეესწრნენ. ბევრი მათგანი შენდობას ითხოვდა, წუხდა და თვალზე მომდგარ ცრემლს ვერ მალავდა. მათგან ზოგმა მამა ანდრიას მკვლელზე შურისძიებაც მოინდომა, მაგრამ სხვებმა ამის უფლება არ მისცეს. მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად აფხაზებმა აცნობეს მრევლს, რომ მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქებულიყო.
მამა ანდრიას სხეული 7 ივლისს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, კამანში ეკლესიასთან ახლოს დაკრძალეს. საფლავზე ხის ჯვარი აღმართეს.
მამა ანდრიამ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს უანდერძა დიდებულად თარგმნილი “სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის”.
წყარო: საზოგადოებრივ – რელიგიური ინტერნეტჟურნალი: ambioni.ge

ასევე დაგაინტერესებთ