შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ქალი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, მეუღლე – 1987 წელს დაბადებული მ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.
დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ნ.ხ. ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს” – აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.