“ფულიანი კაცები ურჩევნიათ გამოცდილ ქალებს” – ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები კვოტირების გაუქმებაზე

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ფიქრობენ, რომ კვოტირების გაუქმების ინიციატივა არა “გირჩს”, არამედ “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის. თეონა აქუბარდიამ ნეტგაზეთთან საუბარში დაადასტურა, რომ ამის შესახებ უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ კულუარებში. იმავეს ამბობენ და თამარ კორძაიაც. სოციალურ ქსელში იგივე პოზიცია გააჟღერა ხატია დეკანოიძემაც.
“ქართულ ოცნებას” აქვს რეალური ინტერესი. ძალიან სამწუხარო და სევდიანია, რომ ამ დავალების შესრულების მზაობას გამოთქვამს “გირჩი”. რეალურად, “გირჩის” ინიციატივა კი არ არის, ეს არის “ქართული ოცნების” სურვილი, “გირჩის” ხელით შემოტანილი”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ქალი დეპუტატები მიზეზად ასახელებენ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით მმართველი პარტიისთვის შექმნილ გამოწვევას. კონკრეტულად, მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც, ჩვეულებრივ მდიდარი და გავლენიანი კაცები იყვნენ და რომლებსაც, ფაქტობრივად, გარანტირებული ჰქონდათ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში გამარჯვება, ახლა პროპორციულ სიაში ადგილს მოინდომებენ. კვოტირება – პარტიების ვალდებულება, საარჩევნო სიაში ყოველი მე-4 ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს, ყოფილ მაჟორიტარ კაცებს უკან გადასწევს. ეს მათ არ აწყობთ, ამ ადამიანების მომდურება კი – “ქართულ ოცნებას”.
“მას შემდეგ, რაც აღარ არსებობს მაჟორიტარული სისტემა, 2024-ის სთვის “ქართულ ოცნებას” აქვს სერიოზული გამოწვევა – რა უყოს იმ ადგილობრივ ფეოდალ კაცებს, რომლებიც წინა არჩევნებში გაიყვანა მაჟორიტარების სიით. ანუ, დღეს “ოცნებას” ჰყავს ბევრი სიაში შესაყვანი კაცი. ამ ხალხს ვერ ეტყვის უარს. იმიტომ, რომ ეს ხალხი კონკრეტულ რეგიონებში არიან ადგილობრივი ფეოდალები, მათ აქვთ კორუფციული გზებით მოპოვებული უზარმაზარი ფინანსური რესურსი. “ოცნებას” სჭირდება როგორც ამ ხალხის ფინანსური რესურსი, ასევე სჭირდება ხმები, რომლებსაც ისინი სხვადასხვა მაქინაციებით აგროვებდა აქამდე. კვოტირება ამას ხელს უშლის. ამიტომ, ეს კაცები რომ არ გაანაწყენონ, აუქმებენ კვოტირების სისტემას”, – განმარტავს ანა ნაცვლიშვილი.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ არც ის და არც მისი პარტია – “ლელო”, კვოტირების გაუქმების ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს არც თეონა აქუბარდია. ის ამბობს, რომ ინიციატივა გააუარესებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის პრაქტიკას – “იმ შესაძლებლობის, რომელიც თავადვე [ქართულმა ოცნებამ] შექმნა”.
თამარ კორძაია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კვოტირების გაუქმება რისკის ქვეშ აყენებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. მან დღეს გენდერული თანასწორობის საბჭოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებაც მოითხოვა, თუმცა საბჭოს თავმჯდომარისგან, ნინო წილოსანისგან უარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ნინო წილოსანი ესწრებოდა ბიუროს სხდომას, სადაც “გირჩმა” კანონპროექტი წარადგინა. მას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა საკითხის დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა. მისი მოსაზრების უფრო ვრცლად გასაგებად “ნეტგაზეთი” წილოსანს დაუკავშირდა, თუმცა მან არც ზარზე და არც შეტყობინებაზე არ გვიპასუხა.
თამარ კორძაია საუბრობს იმ პრობლემებზე, რასაც კვოტირების გაუქმება მოიტანს.
“არცერთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება ქალებს და ქალთა უფლებების დაცვას – ოჯახში ძალადობა, 18 წლამდე ქორწინების აკრძალვა, საბავშვო ბაღების თუ დეკრეტული შვებულების საკითხი, არცერთი ამ საკითხის ინიციირება არასდროს მამაკაც დეპუტატს არ გაუკეთებია. ქალთა პრობლემებზე მოქალაქეებს არცერთი მამაკაცი დეპუტატი არ ხვდება და არ ესაუბრება. ქალების პრობლემები ისევ გადაიწევა უკან როგორც ადრე იყო. მთელი ეს ბრძოლა, რომელიც ქალთა ინტერესების, ქალთა რეალური პრობლემების წინ წამოწევას, გახმოვანებას და მოგვარებას ისახავდა მიზნად, ამ ერთი ინიციატივით საბოლოოდ განადგურდება. უბრალოდ, ქალების ხმა იქნება დაკარგული”, – ამბობს კორძაია.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების აზრით, “ქართულმა ოცნებამ” კვოტირების გაუქმება მოინდომა, მათი აქტიურობაა. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერი ქალები ახერხებენ ზეპარტიულ საკითხებზე ერთმანეთის მხარდაჭერას, რაც მმართველი პარტიის “თავის ტკივილს იწვევს”.
“ქართული ოცნებისთვის” დიდი ხანია ოპოზიციონერი ქალები არიან სამიზნე. ერთი მხრივ, იმ აქტიურობის გამო, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ პარლამენტში, კომპეტენციის გამო, რომლითაც გამოირჩევნიან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. ასევე, იმ უპრეცედენტო სოლიდაორობის და ერთსულოვნების, ერთმანეთის მხარდამხარ ყოფნის უნარის ჩვენების გამო, რომელიც ვაჩვენებთ სხვადასხვა პარტიებში მყოფმა ოპოზიციონერმა ქალებმა – ამ ზეპარტიული ურთიერთთანადგომის გამო, რასაც კაცი დეპუტატები ვერ ახერხებენ. “ოცნებამ” დაინახა, რომ ქალი პოლიტიკოსების ურთიერთსოლიდარობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე, რომელსაც არაერთხელ შეუქმნა თავის ტკივილი ამ მომწვევის პარლამენტში თვითონაც აქვთ ეს ნაღიარები”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
თეონა აქუბარდიას ამბობს, რომ ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღების მცდელობის დროს დაინახა “ქართულმა ოცნებამ” ქალი დეპუტატების წინააღმდეგობის ძალა. მისი თქმით, სწორედ 2023 წლის მარტის მოვლენების შემდეგ აქვს კვოტირების გაუქმების მოლოდინი.
“ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ფულიანი კაცები სიაში ურჩევნიათ გამოცდილ ქალებს. რუსული კანონის გაწვევის შემდეგ ირაკლი მ თქვა, კვოტირება რომ მივიღეთ, გვეგონა სიმშვიდე იქნება პარლამენტშიო და პირიქით აღმოჩნდაო. მაშინვე დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ კვოტებს გააუქმებდნენ. ასე აგიხდეთ ყველაფერი”, – ამბობს თეონა აქუბარდია.
კვოტირების გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურნენ ქალთა უფლებებზე და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია ამბობს, რომ ეს ნაბიჯი გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე, რადგან ქალები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” თავისივე მხარდაჭერილი კანონპოექტის წინააღმდეგ აპირებს წავსლას.
“ეს არის სახეში გარტყმული სილა ქალი ამომრჩევლისთვის! წლობით ნაშენებს ერთ დღეში ანგრევენ. ქალებს ისედაც არ აკარებენ პოლიტიკას საქართველოში და ახლა მიზერულ მინიმუმამდე ჩამოვარდება ქალი პოლიტიკოსების რიცხვი. დარწმუნებული ვარ, ძალიან მძაფრი რეაქცია ექნებათ ამ ცვლილებაზე ქალებს და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქალების ამ ბრაზმა არჩევნების შედეგებზე იქონიოს ასახვა”, – აცხადებს ბაია პატარაია.
“გენდერული კვოტების შემოღება თავის დროზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქალთა გაძლიერებისთვის. ეს იყო შესაძლებლობა არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ქვედა დონეზე ქალები ყოფილიყვნენ წარმოდგენილი პოლიტიკაში. ამისთვის ბევრი დრო და ენერგია დახარჯეს ქალებმა. მათ შორის, ეს მხარდაჭერილი იყო “ქართული ოცნების” მხრიდან და იმ ქალების მხრიდან, რომლებიც ამ პარტიაში დღესაც არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ მათივე მიღებული კანონმდებლობის გაუქმებას თუ დაუჭერენ მხარს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნინო დოლიძემ.