The Inisder-მა 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, მოიპოვეს სამხილები, რომ ე.წ. ჰავანის სინდრომი, აუხსნელი ჯანმრთელობის ანომალიები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკელ დიპლომატებს ემართებოდათ, შესაძლოა, გამოწვეული იყოს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს სპეციალურ დანაყოფ 29155-თან და მათ მიერ მიმართული ენერგიის იარაღის გამოყენებასთან.
თბილისი
გამოძიების მიხედვით, 2021 წლის 7 ოქტომბერს ჯოი, ამერიკელი ექიმი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლის ცოლი დიღომში მდებარე სახლში სარეცხს საშრობიდან იღებდა, როცა მისი სმენა მონოტონურმა ხმამ დაახშო. ჯოი The Insider-თან იხსენებს: “ჩემი ყურები გახვრიტა. მარცხენა მხრიდან შემოვიდა, თითქოს ფანჯრიდან ჩემს მარცხენა ყურში შემოდიოდა. მომენტალურად თავის გამჭოლი ტკივილი ვიგრძენი”. ამის შემდეგ ის სარეცხი ოთახიდან სახლის მეორე სართულზე გაიქცა, აბაზანაში შევიდა და აღებინა.
როგორც The Insider-ი წერს, ჯოი და მისი ქმარი, ჰანთერი, რომელიც თბილისში აშშ-ს საელჩოში სახელმწიფო დეპარტამენტის ატაშე იყო, საქართველოში 2020 წლის თებერვალში, COVID-19-ის ლოკდაუნის დროს ჩამოვიდნენ. (ჯოი და ჰანთერი არაა რეალური სახელები, მათ The Insider-ი პირების ვინაობის დასამალად იყენებს) როგორც საზღვარგარეთ მომუშავე აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლის ცოლს, ჯოის გავლილი ჰქონდა სპეციალური წვრთნები და ახსოვდა, რომ თუ რაიმე საფრთხეს იგრძნობდა, პირველ რიგში ლოკაცია უნდა დაეტოვებინა. ქალმა სახლის უსაფრთხოების კამერები შეამოწმა, რათა ენახა, ვინმე ხომ არ იყო შენობის გარეთ.
საკუთარი სახლის წინ ჯოიმ დაინახა მერსედესის მარკის კროსოვერის ტიპის შავი მანქანა, რომელიც ზუსტად მისი სარეცხი ოთახის პირდაპირ იყო გაჩერებული. გამოძიების ცნობით, ჯოი გარეთ გავიდა და დაინახა მაღალი, გამხდარი, ქერა კაცი. ქალმა საკუთარი მობილური აწია, რათა მისთვის სურათი გადაეღო.
“თვალებში შემომხედა. იცოდა, რასაც ვაკეთებდი.” – იხსენებს ჯოი და ამბობს, რომ კაცი ავტომობილში ჩაჯდა წავიდა. ქალმა ფოტო გადაუღო მანქანასა და მის ნომერს. მისი თქმით, ეს კაცი აღარ უნახავს მანამ, სანამ 3 წლის შემდეგ არ აჩვენეს ალბერტ ავერიანოვის ფოტო. ეს პირი დაკავშირებულია დანაყოფ 29155-თან, ГРУ-ს ერთ-ერთ ჯგუფთან, რომელიც პასუხისმგებელია მკვლელობებსა და საბოტაჟებზე.
თუმცა, როგორც The Insider-ი წერს, ალბერტი უბრალო ჯაშუში არაა. ის დანაყოფი 29155-ის მეთაურის, ანდრეი ავერიანოვის შვილია. როდესაც ზემოხსენებული შესაძლო თავდასხმა მოხდა, ალბერტი მხოლოდ 23 წლის იყო. The Insider-ი ხაზს უსვამს, რომ 56 წლის ანდრეი ავერიანოვი ამჟამად ГРУ-ს მეთაურის მოადგილეა და ევალება აფრიკაში რუსეთის საგარეო პოლიტიკის წარმართვა. ალბერტზე საჯაროდ ცნობილი იყო, რომ ის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და საკუთარი სამაგისტრო ხარისხი მიიღო “მიგრაციის პროცესის მენჯმენტში”, საკითხში, რომელიც მამამისის ინტერესის საგანსაც წარმოადგენს. როგორც The Insider-ი წერს, ალბერტ ავერიანოვი ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა ის 20 წლის იყო, ჟენევაში დანაყოფი 29155-ის “რეზიდენტურა” გაიარა.
როდესაც ჯოიმ ფოტოზე ალბერტის სახეს შეხედა თქვა: “დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჰგავს კაცს, რომელიც ქუჩაში დავინახე”.
არალეტალური აკუსტიკური იარაღები
The Insider-ის, 60 Minutes-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივმა გამოძიებამ მოიპვა სამხილები, რომელთა მიხედვითაც, ჰავანის სინდრომი, აუხსნელი ჯანმრთელობის პრობლემები, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს დანაყოფი 29155-ის წევრების მიერ მიმართული ენერგიის იარაღების გამოყენებასთან.
გამოძიებამ დაადგინა ფაქტი, რომ დანაყოფის მაღალი რანგის წევრებმა “არამომაკვდინებელი აკუსტიკური იარაღის” განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაოების გამო მიიღეს ჯილდოები და პოლიტიკურადაც დაწინაურდნენ. “არამომაკვდინებელი აკუსტიკური იარაღები” არის რუსული სამხედრო-სამეცნიერო ტერმინი, რომელიც გულისხმობს ხმისა და რადიოსიხშირეზე დაფუძნებულ მიმართული ენერგიის დანადგარებს.
The Insider-ი წერს, რომ ალბერტი და დანაყოფის სხვა წევრები სხვა ქვეყნებში მსგავს ჯანმრთელობის ანომალიურ ინციდენტებამდე (AHI – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ე.წ. ჰავანის სინდრომისთვის შექმნილი სახელი) ან მათ დროს ხშირად შეუნიშნავთ. ჟურნალისტური გამოძიება ხაზს უსვამს, რომ ჯოი არ არის ერთადერთი მსხვერპლი, რომელმაც დანაყოფი 29155-ის წევრის იდენტიფიცირება შეძლო.
საჯაროდ ცნობილი ვერსიისგან განსხვავებით, რომ ჰავანის სინდრომი პირველად კუბის დედაქალაქში 2016 წელს დაფიქსირდა, The Insider-ის გამოძიებაში ნათქვამია, რომ პირველი მსგავსი შემთხვევა 2 წლით ადრე, გერმანიაში, ფრანკფურტში მოხდა. მაშინ აშშ-ს სახელმწიფოს თანამშრომელმა, რომელიც საკონსულოში მუშაობდა, The Insider-ის მიხედვით, “მძლავრი ენერგიის სხივის” დარტყმით გონება დაკარგა. მომავალში მას ტვინის დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მან ასევე შეძლო ჟენავაში ბაზირებული დანაყოფი 29155-ის აგენტის იდენტიფიცირება.
მასალა განახლებადია