Croco Airways-ი ქალაქებში, სადაც საქართველო EURO-2024-ზე ითამაშებს, ჩარტერულ რეისებს შეასრულებს – რა ეღირება სრული ტური?

Croco Airways-ი სამივე ქალაქის მიმართულებით, სადაც საქართველო EURO-2024-ზე ითამაშებს პირდაპირ რეისებს შეასრულებს.
კომპანიაში BM.GE-სთან განაცხადეს, რომ ტურის სრული ღირებულება 4000-დან 5000 ლარამდე იქნება.
“საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულმა გამარჯვებამ მთელი ქვეყანა გაგვაერთიანა. შესაბამისად, ქართველი ქომაგების ყურადღებაც ევროპის ჩემპიონატისკენაა მიმართული. იმისთვის, რომ ჩვენი გულშემატკივრები კიდევ უფრო გავახაროთ და ევრო 2024-ზე დასასწრები პროცესებიც გავუმარტივოთ, Croco Airways-ი ივნისში საქართველოს სამივე თამაშზე 3 ავიატურს განახორციელებს. თბილისიდან დაინიშნება პირდაპირი რეისები იმ ქალაქების მიხედვით, სადაც მატჩები გაიმართება: დორტმუნდი, ჰამბურგი და გელზენკირხენი”, – წერს კომპანია bm.ge-სთვის მიწერილ პასუხში.
თვითმფრინავი, რომლითაც რეისები განხორციელდება გათვლილია, დაახლოებით 190 ადამიანზე.
მთლიანი სამოგზაურო პაკეტის ფასი დაახლოებით 4 000 – 5 000 ლარი იქნება. სამოგზაურო პაკეტში შედის: პირდაპირი ფრენა თბილისიდან, ორმხრივი ავიაბილეთი, სასტუმროში განთავსება, ტრანსფერი, მატჩის ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საგზურში ბევრი საჩუქარიც შედის.
“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Croco Airways-მა ქართველ გულშემატკივარს საშუალება მისცა ქართველი ფეხბურთელებისთვის უცხოეთში ექომაგათ. 2023 წელს, ს საგულშემატკივროდ, Croco Airways-ის საშუალებით რამდენიმე ასეული ქართველი გაემგზავრა ნეაპოლში პირდაპირი რეისით და ხვიჩა კვარაცხელიას, დიეგო არმანდო მარადონას სტადიონიდან, უქომაგა”, – წერს Croco Airways-ი.
ტურების გაყიდვა 1 აპრილიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ეროვნული გუნდის თამაშები 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

საპროტესტო აქციებში სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, მათი დიდი ნაწილი კი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან – ირაკლი კობახიძე „გულწრფელ ახალგაზრდებს“ ღია წერილით მიმართავს