40 საათიანმა სამუშაო კვირამ ხარჯები მინიმუმ 15%-ით გაგვიზარდა – „აჭარა ტექსტილი“

სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილის“ დირექტორი, გია ლომინაძე ამბობს, რომ 40-საათიან სამუშაო კვირაზე გადასვლამ კომპანიას შრომის ანაზღაურების მიმართულებით დანახარჯები 15%-ით გაუზარდა.
როგორც გია ლომინაძემ BMG-სთან განაცხადა, გაზრდილი ხარჯების ფონზე, საქართველო კონკურენტუნარიანობას კარგავს, ამიტომ სავარაუდოა, რომ დამკვეთები სხვა ქვეყნებზე გადაერთვებიან.
საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა. ჩამონათვალში აღარაა ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები. შედეგად, აღნიშნულ სექტორებში სამუშაო დრო კვირაში 48-დან 40 საათამდე შემცირდა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით უნდა მიიღონ. ბიზნესი დადგენილებაში ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს იმ არგუმენტით, რომ ეს კადრების დეფიციტის პრობლემას გადაჭრის. აღნიშნული საკითხი საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 22 მარტს, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ დააყენა.