ტაჯიკეთში სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკითხვაზე წაიყვანეს „კროკუს სიტი ჰოლის“ ტერაქტში ბრალდებულთა ნათესავები. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იტყობინება.
ერთ-ერთი ბრალდებულის, საიდაკრამ რაჯაბალიზოდის ნათესავმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტერაქტის შემდეგ დუშანბეში წაიყვანეს დაკითხვაზე რაჯაბალიზოდის დედა, ძმა, ცოლი და ორი ბიძა. ოჯახი ქალაქ ვაჰდათში ცხოვრობს.
ჟურნალისტებმა მიაკითხეს კიდევ ერთი ბრალდებულის, ფარიდუნა შამსიდინის სახლს ჰისარში, მაგრამ მისი მშობლები და ცოლი იქ არ დაუხვდათ. ერთ-ერთმა მისმა ნათესავმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ფარუდინის მშობლები, ცოლი და სიდედრი ასევე დუშანბეში წაიყვანეს დაკითხვაზე“. მუჰამადსობირ ფაიზოვის სახლში, დუშანბეში, ჟურნალისტებმა ასევე ვერ აღმოაჩინეს ბრალდებულის ნათესავები.
რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით, ბრალდებულთა დასაკითხად ტაჯიკეთში ჩავიდა გამომძიებლების ჯგუფი რუსეთიდან. ორი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურები ჯერჯერობით ამის თაობაზე არაფერს იტყობინებიან.
22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი და 180-ზე მეტი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი”).
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთიდან არიან.
24 და 25 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 7 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი – მათ დახმარებაში.
კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ეჭვმიტანილებს წამების კვალი.
