თბილისის იუსტიციის სახლი, რომელიც თითქმის 12 წელია ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში მიღებული დღემდე არ არის

თბილისის იუსტიციის სახლი, რომელიც 12 წელია ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში მიღებული დღემდე არა არის. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების 2022 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა.
როგორც აუდიტის სამსახური წერს, ამის მიზეზი მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შეუსაბამობაა. ასევე, არ არის აღმოფხვრილი შენობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზი.
კლასიფიკაციის ხარვეზების ნაწილში აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ 82.7 მილიონ ლარამდე სამუშაოები, რომლებიც თბილისის იუსტიციის სახლის შენობას უკავშირდება, კვლავ დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზეა ასახული.
„იუსტიციის სახლის ფინანსურ ანგარიშგებაში დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზე ასახულია თბილისის იუსტიციის სახლის 2014 წლიდან შესრულებული სამუშაოები, სულ 82 724 871 ლარის ღირებულების. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლის ექსპლუატაციაში მიღება დღემდე ვერ განხორციელდა“,- წერია ანგარიშში.
თბილისის გარდა იუსტიციის სახლები გახსნილია საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და დაბაში: ახალციხეში, ბათუმში, ბორჯომში, გორში, გურჯაანში, ზუგდიდში, თბილისში, თელავში, თიანეთში, ლაგოდეხში, მარნეულში, მესტიაში, მცხეთაში, ოზურგეთში, ონში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისში, სტეფანწმინდასა და ყვარელში.

ასევე დაგაინტერესებთ