მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი 13 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში 320 მეხანძრე და 130 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მონაწილეობს. მათივე ცნობით, სამუშაოებში ჩართულია 3 ვერტმფრენი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება.
მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.
რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.
