საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის ელოდებიან. ვინც ამ ყველაფერს დღეს ეწინააღმდეგება, ეს არის ივანიშვილის პარტია, რომელიც მუდმივად პროვოკაციული ქმედებებით არის დაკავებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროპელმა ლიდერებმა მიიღეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.
„უმნიშვნელოვანესი და მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ევროპული პარტიების ოჯახი საკუთარ საარჩევნო დაპირებაში და სახელმძღვანელო დოკუმენტში მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ეს არის სწორედ ჩვენი მუშაობის შედეგი. ჩვენი ევროპელი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, 2024 წლისთვის სრულად მზად იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის, ასეთი დოკუმენტი ჯერ არცერთ სხვა ორგანიზაციას არ მიუღია. ფაქტია, ევროპის კარები ჩვენთვის ღიაა. საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის ელოდებიან. ვინც ამ ყველაფერს დღეს ეწინააღმდეგება, ეს არის ივანიშვილის პარტია, რომელიც მუდმივად პროვოკაციული ქმედებებით არის დაკავებული. ჩვენ გვინდა ევროკავშირი ძლიერი ეკონომიკისთვის, ევროპული ინვესტიციებისთვის, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისთვის, ფასების სტაბილიზაციისთვის, იმისთვის, რომ გლობალური ეკონომიკის ნაწილი გავხდეთ. ის კეთილდღეობა, რაც ევროპაშია, საქართველოში მოვიტანოთ. პირდაპირ ვამბობ, ამისთვის 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი. ყველა ელოდება 26 ოქტომბერს. საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ხალხზე ზრუნავს და დააჩქარებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თუ ხელისუფლება, რომელიც დღეს ჰყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის პროცესის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ვაშაძემ.