ამერიკელებმა იერიში მიიტანეს იემენელი ჰუთების მიერ კონტროლირებულ რაიონებზე

ამერიკელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს იემენის იმ რაიონებზე, რომლებსაც მეამბოხე ჰუთები აკონტროლებენ. ამის შესახებ დღეს, 19 მარტს განაცხადა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ. მისი ინფორმაციით, გაანადგურეს 7 გემსაწინააღმდეგო რაკეტა, 3 უპილოტო საფრენი აპარატი და იარაღის 3 კონტეინერი.
სარდლობის თანახმად, ოპერაცია 18 მარტს, თავდაცვის მიზნით ჩატარდა, რადგან იარაღი, რომელიც გაანადგურეს, უშუალო საფრთხეს უქმნიდა სავაჭრო გემებს და ამერიკულ სამხედრო ხომალდებს.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში გემებს დრონებით და რაკეტებით თავს ესხმის 2023 წლის ნოემბრიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ.
ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, -ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმები გაგრძელდება, სანამ ომს არ შეწყვეტს.
ჰუთების წინააღმდეგ მოქმედებს საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს. წითელ ზღვაში ნაოსნობის დასაცავად თავისი ძალები გაგზავნა ევროკავშირმაც.
ტელეკომპანია CNN-ი საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey Analytics-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის ნოემბრიდან წითელ ზღვასა და ადენის სრუტეში გემებზე 100-მდე შეტევა იყო.
2024 წლის 6 მარტს, ჰუთების თავდასხმას პირველი მსხვერპლიც მოჰყვა. სარაკეტო შეტევის შედეგად, ბარბადოსის დროშით მცურავ, ლიბერიის კუთვნილ სატვირთო გემზე True Confidence 3 ადამიანი დაიღუპა.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 15% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.