ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმა Ambrey-მ 12 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომალის სანაპიროსთან მცურავ სატვირთო გემზე 20 შეიარაღებული პირი ავიდა და მასზე კონტროლი დაამყარა.
Ambrey-ს თქმით, აღნიშნული ხომალდი ბანგლადეშის დროშის ქვეშ მცურავი ბალკერი იყო, რომელიც მოზამბიკიდან გაერთიანებულ არაბთა საამიროების მიმართულებით მიცურავდა. ფირმის ცნობით, შემთხვევა სომალის დედაქალაქ მოგადიშოს სანაპიროდან 600 საზღვაო მილის დაშორებით მოხდა.
შეიარაღებული პირების ხომალდის ბორტზე ასვლის ცნობები ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომაც (UKMTO) დაადასტურა და მიმდებარედ მცურავ ხომალდებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. UKMTO-ს არ დაუკონკრეტებია, იყვნენ თუ არა შეიარაღებული პირები სომალელი მეკობრეები.