მოხუცები ღირსების შემლახველ მდგომარეობაში – რა მდგომარეობაა ხანდაზმულთა დაწესებულებებში და რას (არ) აკეთებს სახელმწიფო?

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 2023 წელს თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში კერძო დაფინანსებით არსებული ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.
“გამოკვეთილ საკითხთა შორის განსაკუთრებით მწვავედ დგას სახელმწიფოს არაინფორმირებულობა ქვეყანაში კერძო დაფინანსებით მოქმედ ხანდაზმულთა დაწესებულებების შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ასეთი დაწესებულების საქმიანობისათვის დადგენილი სამართლებრივი სტანდარტები და ისინი არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. დაწესებულებების ხელმძღვანელებს კი არ აქვთ ინფორმაცია ხანდაზმულ პირებზე ზრუნვის დადგენილი მინიმალური სტანდარტების თაობაზე. როგორც შემოწმებამ აჩვენა, ხანდაზმულ პირთა უფლებები უკვე პანსიონატში ჩარიცხვის პროცედურიდან ირღვევა. კერძოდ, ჩარიცხვის შესახებ განცხადებაში არ არის მკაფიოდ გამოხატული ხანდაზმულის ნება და ხშირად, მის ნაცვლად განცხადებას ხელს ხანდაზმულის ოჯახის წევრი აწერს. ინფრასტრუქტურულად დაწესებულებების ნაწილი არ არის კეთილმოწყობილი და ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ, ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან. მათზე ზრუნვა, ძირითადად, ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ამოიწურება, რაც ზრუნვის მინიმალურ მოთხოვნებსაც არ შეესაბამება. ხანდაზმულები ხშირად დისკრიმინაციულ, ღირსების შემლახველ მდგომარეობაში იმყოფებიან და უმეტესობამ არაფერი იცის საკუთარი უფლებების შესახებ. დაწესებულებებში უგულებელყოფილია ჯანმრთელობის დაცვა; დარღვეულია კვების სტანდარტი. მენიუს შემადგენლობა ღარიბი, არასრულფასოვანი და ერთფეროვანია. სერვისებში არ არის გათვალისწინებული ხანდაზმული ასაკის ბენეფიციართა ემოციური მოწყვლადობა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ ექცევა სათანადო ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ დიდია ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ბენეფიციართა რაოდენობა. გამოიკვეთა დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციასთან და შრომით უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევებიც. მზრუნველებს არ აქვთ სპეციალური ცოდნა ხანდაზმულთა მოვლისა და ზრუნვის საჭიროებების შესახებ და არც პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ. ამასთან, დარღვეულია ბენეფიციართა განაწილების სტანდარტები, რაც ზოგიერთი თანამშრომლის ზედმეტ გადატვირთვას იწვევს. ხანდაზმულთა ხანგძლივი მოვლის დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებას – ყველა სამართლებრივი ფორმისა და დაფინანსების მქონე ხანდაზმულთა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ერთიანი სახელმწიფო ზრუნვის სტანდარტების და მათ შესრულებაზე ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის აუცილებლობის თაობაზე.” ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა