2023 წლის განმავლობაში საქართველოში 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით ინვესტიციების კლება სავალო ვალდებულებების შემცირებას უკავშირდება, რამაც მინუს 857 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა სხვა შემომავალი ნაკადები 2023 წელს მაღალ დონეზე ფიქსირდებოდა.
ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ინვესტორების განწყობაზე რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები მთავარ გავლენას ახდენს. მისი თქმით, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია სექტორების ჭრილში ინვესტორებისთვის წამახალისებელი, მხარდამჭერი მექანიზმების ამოქმედება, რომ მათ საქართველოში ინვესტიციის განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღება მარტივად შეძლონ.
მისი განმარტებით, ახალ ინვესტორებთან ერთად აუცილებელია, უკვე არსებულებთან მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებაც და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათი არგუმენტირებული პოზიციის გათვალისწინება.
“უკრაინაში ომი გარკვეულწილად მოქმედებს, თუმცა არის მთელი რიგი მიმართულებები, რაც ერთობლივი ძალებით შეიძლება გაძლიერდეს, კონკრეტული სექტორების მიხედვითაც. ერთ-ერთი, რასაც პოტენციური და არსებული ინვესტორები ითხოვენ არის პროგნოზირებადობა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით, ამიტომ მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა და ის კომენტარები, რასაც ბიზნესი აკეთებს იყოს გათვალისწინებული.
კონკრეტული სექტორების კუთხით, თუ ვიტყვით, მაგალითად, განახლებადი ენერგიების კუთხით, კარგი იქნებოდა უფრო მეტი მხარდამჭერი მექანიზმების გააქტიურება ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არამხოლოდ ახალ ინვესტორებთან მუშაობა, არამედ უკვე არსებულ ინვესტორებთან ისეთი დონის კომუნიკაცია, რომ მათი კმაყოფილების ხარისხი იყოს მაღალი. თითოეულ კმაყოფილ ინვესტორს უფრო მეტი ინვესტორი მოჰყავს, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ვრცელდება.
ასევე ვფიქრობთ, რომ სასამართლო დავების კუთხით შესაძლოა საინტერესო ცვლილებები განხორციელდეს, თუნდაც გარკვეული ინვესტიციის მოცულობის შემდეგ ესა თუ ის დავა სასამართლომ უფრო სწრაფ ტემპში განიხილოს. მსგავსი კონკრეტული მექანიზმებით შეიძლება ინვესტორების დაინტერესება,”- აცხადებს გიორგი კაჭარავა.