ევროპაში „თუთიყუშის ცხელების“ აფეთქებაა – რამდენად საშიშია ეს დაავადება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში ორნიტოზის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება.
ორნიტოზი ესაა ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც „თუთიყუშის დაავადებასაც“ უწოდებენ. ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა აღინიშნება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, დადასტურებულია ლეტალობის 5 შემთხვევა.
ინფექციის აფეთქება 2023 წლის ბოლოს დაიწყო და ამ წლის დასაწყისშიც გაგრძელდა.
„2024 წლის თებერვალში ავსტრიამ, მ, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ევროკავშირის ადრეული რეაგირებისა და გაფრთხილების სისტემის (EWRS) საშუალებით ორნიტოზის შემთხვევების ზრდაზე განაცხადეს, რომელიც ფიქსირდებოდა 2023 წლის ნოემბერ-დეკემბრიდან პერიოდში და 2024 წლის დასაწყისში. ასევე დარეგისტრირებულია დაღუპვის 5 შემთხვევა. შემთხვევების უმრავლესობაში არის ცნობები დაავადებულების კონტაქტის შესახებ ველურ ან შინაურ ფრინველებთან,“ – ნათქვამია ჯანმოს ინფორმაციაში.
„თუთიყუშის ცხელებას“ იწვევს ქლამიდიის ოჯახის ბაქტერიები, რომლებიც სხვადასხვა გარეულ და შინაურ ფრინველებში გვხვდება. მათ შესაძლოა არ ემჩნეოდეთ დაავადების სიმპტომები, მაგრამ სუნთქვისა და საჭმლის მონელების შედეგად გარემოში გამოყოფენ ამ ბაქტერიებს. ადამიანის დაინფიცირება კი ძირითადად მათ ნარჩენებთან შეხების გზით ხდება. ამიტომაც დაავადებულები ხშირ შემთხვევაში მეფრინველეობის ფერმაში დასაქმებული ადამიანები, ვეტერინარები და მებაღეები არიან.
ადამიანები ასევე ავადდებიან ბაქტერიებით დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვით. ამასთან, დაავადებული ფრინველის ხორცის საკვებად მიღება უსაფრთხოა. ასევე იშვიათია ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტები.
რაც შეეხება სიმპტომებს, ისინი, უმეტეს შემთხვევაში მსუბუქია და დაავადებულ ფრინველთან კონტაქტიდან 5-14 დღის განმავლობაში ვლინდება. ესაა თავის და კუნთების ტკივილი, მშრალი ხველა, ცხელება, შესაძლოა განვითარდეს პნევმონია. მკურნალობისთვის, როგორც წესი, საჭირო ხდება ანტიბიოტიკოთერაპია. ინფექცია ადამიანის დაღუპვას იშვიათად იწვევს. ლეტალობის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია დანიაში, სადაც „თუთიყუშის ცხელებით“ კლინიკებში 17 ადამიანი მოხვდა, მათგან 15-ს პნევმონია განუვითარდა, ოთხი კი დაიღუპა. ლეტალობის ერთი ფაქტი დაფიქსირდა გერმანიაში. ჯანმო აცხადებს, რომ აკვირდება იმ ქვეყნებში მიმდინარე სიტუაციას, სადაც აღნიშნული ინფექციის ზრდა ფიქსირდება.
jandacva.ge