მსხვერპლი მოჰყვა სატვირთო გემზე იემენელი ჰუთების თავდასხმას

3 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 4 დაიჭრა სატვირთო გემზე მეამბოხე ჰუთების თავდასხმის შედეგად.
ბარბადოსის დროშით მცურავ, ლიბერიის კუთვნილ გემზე True Confidence სარაკეტო შეტევა 6 მარტს განხორციელდა. თავდასხმის დროს გემი იემენის ქალაქ ადენის სანაპიროდან 93 კილომეტრში იმყოფებოდა.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ეკიპაჟისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა -ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობს. ეს წითელ ზღვაში გემებზე ჰუთების თავდასხმებით გამოწვეული მსხვერპლის პირველი დადასტურებული შემთხვევაა.
3 დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გემი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.
გემის მფლობელის ინფორმაციით, ბორტზე გაჩენილი ხანძრის გამო ეკიპაჟმა ხომალდი დატოვა. 20-წევრიან ეკიპაჟში იყვნენ ინდოეთის, ვიეტნამის და ფილიპინების მოქალაქეები. გემზე იმყოფებოდა ორი შრი-ლანკელი და ერთი ნეპალელი შეიარაღებული მცველიც.
დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის სააგენტოს ცნობით, გემის ეკიპაჟს დახმარება გაუწიეს საერთაშორისო კოალიციის სამხედრო გემებმა, რომლებიც ჰუთების საწინააღმდეგო ოპერაციაში მონაწილეობენ.
მეამბოხე ჰუთების წარმომადგენლის განცხადებით, გემს მას შემდეგ დაარტყეს, რაც ეკიპაჟი არ დაემორჩილა კურსის შეცვლის მოთხოვნას.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში გემებს დრონებით და რაკეტებით თავს ესხმის 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ.
ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ჰამასის წინააღმდეგ ომს არ შეწყვეტს.
ჰუთების წინააღმდეგ მოქმედებს საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს. წითელ ზღვაში ნაოსნობის დასაცავად თავისი ძალები გაგზვანა ევროკავშირმაც.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 15% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.