შვედეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად ორშაბათს, 11 მარტს გახდება, ამის შესახებ შვედური TV4 Nyheterna იუწყება.
„შვედეთის დროშა ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ორშაბათს ნაშუადღევს აღიმართება. ეს NATO-ს წევრობის დასაწყისი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანიის ცნობით, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების აქტის ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი და შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიქაელ ბუდენი დაესწრებიან.
ნატოში ახალი მოკავშირის გაწევრიანების ცერემონია, როგორც წესი, ტარდება NATO-ს შტაბ-ბინაში ბრიუსელში.
დღეს უნგრეთის პრეზიდენტმა ტამაშ შუიოკმა ხელი მოაწერა კანონს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. უნგრეთი იყო უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დასთანხმდა. შეგახსენებთ, რომ შვედეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, თუმცა მათ განაცხადები ერთდროულად, 2022 წლის მაისში წარადგინეს.
რუსული მედია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შვედეთის სამხედრო ბლოკში მიღებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება.