6 მარტს, დილის საათებში რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით რამდენიმე იერიში მიიტანეს. კურსკის რეგიონის გუბერნატორის, რომან საროვოიტის მიხედვით, დაზიანდა მიხაილოვსკის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი.
არსებული ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმის შედეგად საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა, საროვოიტის თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვარიჩევის სახელობის კომბინატი რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი რკინის მადნის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატია.
ამასთან ერთად, რუსეთის ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა ვორონეჟში “ბალტიმორის” აეროდრომზე. რუსული ტელეგრამარხების მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემამ აეროდრომიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ჩამოაგდო. აღნიშნული დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ მოხდა აეროდრომზე თავდასხმის მოგერიება.
რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშების შესახებ ინფორმაცია 5 მარტსაც ვრცელდებოდა.
რომან სტაროვოიტი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ გლუშკოვოს რკინიგზის სადგურზე უკრაინამ იერიში მიიტანა. მისი მტიცებით, დაითვალეს 9 დარტყმა.
გუბერნატორის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, იერიშების შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ჩააქრეს და დაზიანდა ელექტრომომარაგების ხაზები, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა სოფელი კულბაკი და გლუშკოვოს სადგური.
მოსკოვის რკინიგზის ცნობით, სარკინიგზო მიმოსვლა არ შეჩერებულა და საშტატო რეჟიმით გრძელდება.
ამას გარდა, სამარის ოლქში რკინიგზაზე აღმოაჩინეს “უცხო ობიექტი”, რის გამოც ამ მიმართულებით მატარებლების მოძრაობა დროებით შეწყდა. გასულ დღეს ამავე ოლქში ერთ-ერთ ხიდზე, რომელზეც რკინიგზაც გადის, აფეთქება მოხდა, რაზეც პასუხისმგებლობა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ აიღო. შემთხვევის შედეგად ხიდი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.