ჩხოროწყუს მერზე, დავით გოგუაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპორტის სამსახურის ყოფილ უფროს ედემ კვარაცხელიას პატიმრობა შეეფარდა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ მოექცა ხელისუფლება მას ასე, კვარაცხელია პასუხობს – “ალბათ, დავიმსახურე და იმიტომ”.
“ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლომ სრულად გაიზიარა და ბრალდებულ ე. კ.-ს შეეფარდა პატიმრობა” – ამბობს საქმის პროკურორი მაია ჯაბუა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მერსა და სპორტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს შორის ფიზიკური დაპირისპირება უკავშირდებოდა კვარაცხელიას თანამდებობიდან გათავისუფლებას.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ვადით.