თბილისში იანვარში 3068 ბინა გაიყიდა – გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი დიდი დიღმის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში დაფიქსირდა

2024 წლის იანვარში თბილისში 3,068 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 6.3%-იანი ზრდაა. Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, ეს ზრდა მთლიანად გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით (+21.2% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 5.8%-ით შემცირდა.
„მეორად ბაზარზე გაყიდვების პერიოდული კლება სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
2024 წლის იანვარში თბილისში გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი (მთლიანის 47.3%) დაფიქსირდა დიდი დიღმის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის ($501-800/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
2024 წლის იანვარში ბინის ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. პირველადი ბაზრის საშუალო შეწონილმა ფასმა 1,266 დოლარი შეადგინა, რაც თვიურად 0.5%- იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ თბილისის ყველა უბანში ბინის ფასები კვლავ ორნიშნა წლიური ტემპით გაიზარდა.