სპორტში პრინციპული მეტოქის ცნება ჩვეულებრივი ამბავია; ზოგჯერ მასთან გამარჯვება (თუ მისი დამარცხება) შესაძლოა, სასწორის ერთ პინაზე იყოს და მეორე მხარეს ბევრი რამ გადაწონოს. ეს ალბათ განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია, როცა წარმატებული სეზონი არ გიდგას და მუხტი გჭირდება იმის გასააზრებლად, რომ ისევ არსებობ!.. “ნაპოლისთვის” “იუვენტუსი” სულ სხვა კალიბრის მოწინააღმდეგეა, რომელთანაც შინ უკვე ზედიზედ 5 დაპირისპირება მოიგო.
“ჩრდილოელები მყრალებს გვეძახიან და დაგვცინიან… ჩვენ ღარიბები ვართ, მაგრამ ნეაპოლის დაჩაგვრის უფლებას აღარავის მივცემთ!” – ეს დიეგო მარადონას სიტყვებია. ახლა დრო, ვითარება, დამოკიდებულებები და ტაქტი შეცვლილია,
მაგრამ სამხრეთელ გულშემატკივრებს ყველაფერი ეს მაინც არ ავიწყდებათ. გასულ წელს აქ დიდება დაბრუნდა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი დიდი წვლილი შეიტანა. “კვარამ” “იუვეს” კიდევ ერთხელ გაუტანა და მიუხედავად იმისა, ოთხეული ძალიან შორია, გუნდის თავზე არსებული “შავი ღრუბლები” გარკვეულწილად მაინც გაიფანტა.
ყველამ ვიცით, მათ შორის ხვიჩამაც, რომ მისთვის უფრო დიდი კლუბები გვსურს. ამის მიუხედავად, ქართველს გააზრებული აქვს, რომ ამის შესახებ ღიად საუბარი გულშემატივრებთან სასურველი არაა. ისინი იმ ტიპისა და ხასიათის ფეხბურთელს, როგორიც კვარაცხელიაა, არცერთ ვითარებაში არ შეიძულებენ, მაგრამ ახლა საჭირო იყო ის ჟესტი, რაც ჩვენებურმა გააკეთა – ის აქაა, მათთან რჩება და გუნდის ცუდ მდგომარეობაში მიტოვებას არ აპირებს. ისე, ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, მომავალ ზაფხულს ტრანსფერის ალბათობა ძალიან დიდი მაინც არცაა და აქ მთავარი დაბრკოლება იქნებ სატრანსფერო ფასი იყოს. ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი, “ნაპოლი” ოთხეულსა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს, რათა ხვიჩას დონის ტურნირის გარეშე დარჩენა გამოვრიცხოთ…
წმინდა სამატჩო ამბებზეც დავწეროთ. ალბათ მწვრთნელი კალცონა ეცდება “მიიწეროს”, რომ კვარაცხელიას ბოლოდროინდელი კარგი თამაში იმ სკანდალურმა ნაადრევმა შეცვლამ გამოიწვია. კვლავ გავიმეორებთ – ხვიჩა თავს ყველაზე კარგად მაშინ გრძნობს, როცა ენდობიან და მისი სჯერათ. როგორც ჩანს, ახალმა თავკაცმა სწორი დასკვნები გამოიტანა, მათ შორის, იმაზეც, 77-ე ნომრის საუკეთესო მხარეები როგორ ტაქტიკურ სქემაში უნდა გამოიყენოს. აქ “იუვენტუსის” ფაქტორიც შემოდის, რომელიც ბურთს მოწინააღმდეგეს უთმობს და თამაშს კონტრშეტევაზე აგებს. მაგიტომაცაა, ვლაჰოვიჩი გამოუყენებელი მომენტებით თავზარდაცემული რომ იყო, იცის რა, როგორ შეცვლიდა ის თამაშის ხასიათს.
კალცონას არ უნდა დავუკარგოთ, რომ გუნდი უფრო შეკრულია, ზონებს შორის ნაკლები სივრცე რჩება და ბურთი შეტევაში მაქსიმალურად სწრაფად გადადის. ამ დროს 77-ე ნომერი თავს მართლაც კომფორტულად გრძნობს.
ცოტა უცნაური იყო ის ვნებათაღელვა, რაც ხვიჩას წინააღმდეგ პენალტის არდანიშვნას ეხებოდა, რადგან მთავარ მსაჯ მარიანიზე მხოლოდ პოზიტიურად უნდა ვისაუბროთ. მან დროულად აღკვეთა ყველა ის უხეშობა, რაც “კვარას” მიმართ იყო და მეტოქეები გააფრთხილა. ამან სხვა სიკეთეებთან ერთად ისიც მოიტანა, ჩვენებური მშვიდი იყო, არ კამათობდა და მეურვეების დასჯას არ ითხოვდა, რაც ბოლო დროს ხშირად გვინახავს. ასეთი დეტალები ბოლოს მნიშვნელოვან გარემოებებს განსაზღვრავს.
რაც შეეხება “იუვეს” მწვრთნელ ალეგრის ნათქვამს, ვრწმუნდებით, შემტევებს დაცვაში გარჯაც რომ სჭირდებათ. ამავდროულად, არსებობენ წინა ხაზის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდურად უფრო აქტიურად მუშაობენ, მაგრამ იმ განსხვავებას ვერ გვთავაზობენ, რაც ხვიჩას შეუძლია – “გააყვითლოს” ნახევარი გუნდი, დაზაფროს ისინი და ასეთი მნიშვნელობის გოლი გაიტანოს. გამართლება? – ადრე დავწერეთ, რომ კვარაცხელიას მხარეს მაშინ საფეხბურთო იღბალი არ იყო – მეკარეების საოცარი თამაში, მცველების დაბლოკვები… არის შეხვედრები, სადაც შემტევს მეტად უმართლებს, მაგრამ რიკოშეტი მაღალი კლასის შესრულებას არ აკნინებს.
სულ ვამბობთ, რომ კვარაცხელია საკუთარი თავის სრულყოფაზე მუშაობს. “იუვესთან” მატჩში იყო ერთი დეტალი, რომელიც ცალკე არავინ აღნიშნა, მაგრამ ჩვენი აზრით, ამას იმსახურებდა. ესაა ეპიზოდი, როცა ხვიჩამ ბურთი თავით კარგად მიიღო, სივრცე მოიგო, აჩქარდა და კამბიასომ ის გაფრთხილების ხარჯზე შეაჩერა. საჰაერო ორთაბრძოლების მოგება ხვიჩას საუკეთესო მხარე არაა და კარგია, ის მას ამიერიდან უფრო მეტად თუ გამოიყენებს.
კვარაცხელიას მისია რთულია, წარმატებულ და შედეგიან თამაშში ყველა “მონდომებულია”, ნაკლი აღმოუჩინოს. გარდა ამისა, მან გულშემატკივრები წარმატებულ დრიბლინგებს, რაც ასე ლამაზია, შეაჩვია და მათთვის უკვე მხოლოდ გოლებიც, რაც “კვარას” თითქმის შარშანდელ ნიშნულს გაუტოლდა, საკმარისი არაა. 77-ე ნომერი საკუთარ თამასას არ დაუშვებს, ამის გვჯერა!..