საქართველოს შეუძლია, შუა დერეფანში მთავარი კოორდინატორი გახდეს – ზვიად ჭუმბურიძე

ჩვენ არ გვაქვს უფლება დაგვიანების, რადგან სიმართლე გითხრათ, აქამდეც შეიძლებოდა ბევრი რაღაც უფრო ეფექტიანად შეგვესრულებინა“- ეს განცხადება ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა „შავი ზღვის პლატფორმის“ ფარგლებში კერძო და საჯარო დიალოგის პირველ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც შუა დერეფანზე, შესაძლებლობებზე და სატრანსპორტო მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იყო საუბარი.
ტრანსკასპიური მარშრუტის მონაწილე ქვეყნებს შორის კოორდინაცია, დერეფნის გაციფრულება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ტარიფების შეთანხმება – ეს არის ის ძირითადი გამოწვევები, რის გადაწყვეტაზეც კერძო სექტორის შეფასებით, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შუა დერეფნის პოტენციალის გამოყენება.
„საქართველოს შეუძლია გახდეს მთავარი კოორდინატორი ქვეყანა აზერბაიჯანისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. შუა კორიდორის გაძლიერებისთვის საქართველოს აქვს ყველა უპირატესი პოზიცია და შესაძლებლობა, რომ ეს კორიდორი განვითარდეს.
ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში ვერ დაასრულებ, რადგან მასში იგულისხმება როგორც რკინიგზის მოდერნიზება, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურა, საპორტო ინფრასტრუქტურა, ამას ერთი წელი არ ეყოფა, თუმცა ტარიფების შეთანხმებისთვის, დიგიტალიზაციისა და კორდინაციისთვის ერთი წელი საკმარისია, რომ გამოვკვეთოთ რა გვჭირდება შუა დერეფნის სრულად დატვირთვისთვის.
სიმართლე გითხრათ ვაგვიანებთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ერთი დღე დავკარგოთ, არ გვაქვს უფლება ამ პროცესის ხელიდან გაშვების და დაგვიანების, იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ აქამდეც შეიძლებოდა ბევრი რაღაც უფრო ეფექტიანად შეგვესრულებინა. ეს არის ამ შემთხვევაში ჩვენს ხელში, შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, ეს უნდა იყოს ჩვენი ინტერესი.
საქართველო რეგიონში გამოიკვეთა და ეს მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც საქართველოს აქვს ზუსტად კანდიდატის სტატუსი და არცერთ პარტნიორ ქვეყანას – არც აზერბაიჯანს და არც ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეს სტატუსი არ აქვთ. ეს სტატუსიც გამოგვარჩევს ამ შემადგენლობაში, შესაბამისად სტატუსიანი საქართველო როგორც მთავარი კოორდინატორი შუა კორიდორის ამუშავებისთვის ვფიქრობ, ეს არის მომგებიანი როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, ისე რეგიონისთვის“,-აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ დღეისათვის შუა კორიდორში არსებული ტვირთების გადაზიდვის მოთხოვნას საქართველო სრულად აკმაყოფილებს, თუმცა ემზადება 10-წლიან პერსპექტივაში მაქსიმალურად ეფექტიანად მოემსახუროს გაზრდილ ტვირთნაკადს.
„დღეისათვის შუა კორიდორში არსებული ტვირთების გადაზიდვის მოთხოვნას საქართველო სრულად აკმაყოფილებს. ახლა ჩვენ უბრალოდ საუბარი გვაქვს 10-წლიან ჭრილში, თუ რა სტატუსი ექნება შუა კორიდორში ტვირთების მოცულობას გრძელვადიან ჭრილში. შესაბამისად საქართველო ემზადება ამისთვის და ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპ-ეტაპ ახორციელებს მზაობას სამომავლოდ გაზრდილი ტვირთების გატარებისთვის. ეს გულისხმობს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს, რომელიც გააორმაგებს ტვირთნაკადს, ს პორტის გაფართოებას, ეს გულისხმობს ანაკლიის პორტის მშენებლობას და სხვა პროცედურულ ნაწილს, რომელიც ხელს შეუწყობს და გააადვილებს შუა კორიდორში ტვირთების გამტარუნარიანობას“,-აცხადებს BM.GE-სთან გურამ გურამიშვილი.
მსოფლიო ბანკისა და EBRD-ის კვლევის თანახმად, არსებობს შესაძლებლობა, რომ 2030 წლისთვის შუა დერეფანში” ტვირთბრუნვა სამჯერ გაიზარდოს, სამგზავრო დრო კი – განახევრდეს.