დღეს, 1-ელ მარტს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს.
მას შემდეგ, რაც ნავალნის ოჯახს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ცხედარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემდნენ, თუ მას ჩუმად დაკრძალავდნენ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეზღუდა ცერემონიაზე ხალხის მობილიზება. გარდა ამისა, შეზღუდეს მობილური ქსელების მუშაობა და ინტერნეტისა მიწოდება სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამის მიუხედავად, სასაფლაოს შესასვლელთან რამდენიმე ასეული მეტრის რიგი შეიქმნა იმ ადამიანებისა, ვისაც ნავალნისთვის პატივის მიგება უნდოდა. მათ ნავალნის ცხედარი ტაშითა და შეძახილებით გააცილეს. CNN-ის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ შეკრებილთა ნაწილი სასაფლაოზეც შეუშვეს.
ამავე თემაზე:
· რუსეთში ნავალნის ხსოვნის აქციებზე ორ დღეში 387 ადამიანი დააკავეს
· მაშანტაჟებენ და ალექსეის საიდუმლოდ დაკრძალვას მთხოვენ – ნავალნის დედა
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა.
უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმ წამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები.
ნავალნის ცხედარი ოჯახს მისი გარდაცვალების გამოცხადებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გადასცეს.