სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 63 წლის კაცი, რომელმაც პარტნიორ ქალთან სქესობრივი კავშირის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ქალის ოჯახის წევრებს გაუგზავნა. უწყების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო – კაცმა ინტიმური შინაარსის მასალა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ქალმა მასთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა.
“მას შემდეგ რაც დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში, აპლიკაცია Whatsapp-ის გამოყენებით, ზემოაღნიშნული ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე უწყებამ კიდევ ერთი კაცი დააკავა. ამ შემთხვევაში 38 წლის კაცი ვიდეო-ზარით კომუნიკაციისას ფარულად აღებდა ე.წ. სქრინებს, სადაც დაზარალებული ქალი შიშველი მდგომარეობაში ჩანდა. გარდა ამისა, ბრალდებული კაცი ინახავდა ქალთა სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-მასალას.
ორივე კაცს ბრალი პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე აქვს წარდგენილი. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
