მოსკოვში, ბორისოვოს სასაფლაოზე, სადაც ხვალ, 1 მარტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაკრძალვაა დაგეგმილი, დაცვა გააძლიერეს.
სასაფლაოს მახლობლად და მეტროს სადგურ „ბორისოვოსთან“ პოლიციის პატრულები დგას – ორი-სამი ადამიანი. პერიმეტრზე ყოველ ლამპიონზე დააყენეს სათვალთვალო კამერები, მოამზადეს ლითონის ბარიერები, იტყობინება RusNews-ი.
თავად სასაფლაოზე პოლიციელები ხალხს პასპორტებით უშვებენ, ასევე საჭიროა მათთვის ვიზიტის მიზნის თაობაზე ანგარიშის ჩაბარება, იტყობინება ტელეგრამის არხი „მოჟემ ობიასნიტ“. პოლიციელები ამოწმებენ პირად ნივთებს და ამას „ტერორისტული აქტის თავიდან აცილებით“ ამართლებენ.
ნავალნისთან გამოთხოვება გაიმართება ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში მოსკოვის მარიინოს რაიონში, სადაც ცხოვრობდა პოლიტიკოსი. ამის შემდეგ იგეგმება მისი დაკრძალვა ბორისოვოს სასაფლაოზე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა საგანგებო რეჟიმის კოლონია „პოლიარნი ვოლკში“. მისი სიკვდილის თაობაზე დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ნავალნი 27-ედ მოათავსეს სადამსჯელო საკანში კიდევ უფრო მძიმე პირობებში, ვიდრე მანამდე. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ნავალნის მეუღლემ, იულიამ, პირობა დადო, რომ ქმრის საქმეს გააგრძელებს.