თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ბაჩო სირაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა 15 აპრილს 15:00 საათზე გაიმართება.
როგორც საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
პროკურორი ვარაუდობს, რომ საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება.
„სასამართლოს სხდომაზე განვიხილეთ აღკვეთის ღონისძიების საკითხი და სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მინდა გითხრათ, რომ სათანადო საბაბის გარეშე სასამართლო პირს ბრალს არ სდებს. საქმეში არაერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება გვაქვს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი, რომელიც მიტოვებულ ავტოფარეხში ვიპოვეთ. დადგენილია, რომ ამ კუსტარულად დამზადებული იარაღიდან ისროლეს. ბრალდების მხარეს ისიც აინტერესებს, როგორ მოხვდა ეს იარაღი ბრალდებულის ხელში. რადგან ბრალდებულს ბრალი ჯგუფურ დანაშაულში ედება, უახლოეს მომავალში, დაკავებულთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება”, – განაცხადა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 18 თებერვალს, ღამის საათებში მოხდა, რასაც 24 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მკვლელობა, სავარაუდოდ, მანამდე არსებული უთანხმოების საფუძველზე მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. იმავე საქმეზე, ასევე, დაკავებულია მეორე პირი გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით.

ასევე დაგაინტერესებთ