Mouth Melters-ის ქვევრის ფორმის შოკოლადების წარმოება 4 წელიწადში 1300%-ით გაიზარდა

ერეკლე ლოლაძემ, ბელგიური ნედლეულით, ქვევრის ფორმის შოკოლადის წარმოება 2019 წელს დაიწყო და შოკოლადის ბრენდს Mouth Melters-ი (პირში მდნობი) უწოდა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ერეკლე ლოლაძე იხსენებს, პირველ წელს შოკოლადის წარმოება 100 კგ-მდეც არ იყო, გასულ წელს კი 1 ტონა აწარმოეს და 4 წელიწადში შოკოლადის ქვევრების ინვესტიციამ 130 000 ლარი შეადგინა.
„Mouth Melters-ი რეალიზაციაში 2019 წლის ბოლოს ჩაეშვა. პროექტზე მუშაობა 2018 წელს დავიწყეთ. ინვესტიციას რაც შეეხება, სრულად კერძო ინვესტიციით შეიქმნა, რაიმე გრანტი და დაფინანსება არ მიგვიღია. სრულად, დღეის მდგომარეობით, ინვესტირებულია 130 000 ლარი. თანხის ძირითადი ნაწილი მოხმარდა წარმოების მოწყობას, მცირე წარმადობის, მაგრამ მაღალტექნოლოგიური იტალიური დანადგარები შევიძინეთ. ნედლეულს რაც შეეხება, უმაღლესი ხარისხის ბელგიური შოკოლადი შემოგვაქვს და შემდეგ აქ ხდება ფორმირება. პირველ წელს წარმოება 100 კგ-ც არ იყო, 70 კგ-მდე იყო. წელს უკვე 1 ტონა შოკოლადი გადავამუშავეთ. Mouth Melters-ის ქვევრები იყიდება ონლაინ და „8 000 მოსავალში“ – თბილისსა და ბათუმში,“ – ამბობს ერეკლე ლოლაძე.
Mouth Melters-ის 1 ქვევრი 80 გრამს იწონის. გაყიდვაშია 2-ნაირი – 3-ცალიანი და 30-ცალიანი შეფუთვები. მათი ფასი 37 ლარიდან 320 ლარამდეა. როგორც ერეკლე ლოლაძე აცხადებს, 2 კვირაში შოკოლადის ახალი შეფუთვები გამოჩნდება, რომელთა ღირებულება საშუალოდ 20-22 ლარი იქნება.
რაც შეეხება მომხმარებელს, Mouth Melters-ის მომხმარებლები ძირითადად ქართველები არიან. ერეკლე ლოლაძე ამბობს, რომ რამდენიმე ლოიალური უცხოელი მომხმარებელიც გვყავს და საკმაოდ ბევრია ბიზნეს-ოპერატორთან აქვს კორპორაციული თანამშრომლობა.
„ახლა ვამატებთ 6-ქვევრიან შეფუთვებს. სახეობებს რაც შეეხება, ყველა შეფუთვაშია 3 სახის შოკოლადი მოთავსებული – რძიანი და შავი შოკოლადები სხვადასხვა პროცენტული შემადგენლობით. 2 კვირაში ახალ პროდუქტებს დავამატებთ: ყუთში მოთავსებულია 20 ცალი ფილა, თითო ფილა 15-გრამიანია. რამდენიმე კვლევა ჩატარდა და 15 გრამი ითვლება შოკოლადის ოპტიმალურ დოზად და განკუთვნილი იქნება ყავის 5 კატეგორიისთვის. ჩვენივე შემუშავებული რეცეპტით მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შოკოლადები სხვადასხვა ტიპის ყავისთვის მოგვერგო. ახალი შეფუთვა საშუალოდ 20-დან 22 ლარამდე ეღირება. მარტის შუა რიცხვებში დაემატება დიდი 180-გრამიანი ფილები“, – აცხადებს ერეკლე ლოლაძე.
მისი თქმით, Mouth Melters-ს საექსპორტო ბაზრის მოძიება არ დაუწყია, თუმცა მათი შოკოლადი ნიუ იორკის ქართულ მაღაზიაში იყიდება და საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ