თორნიკე მამალაძე – საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას „ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით, თუ ვინ დგას რეალურად ამ საქმის უკან

საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას „ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით, თუ ვინ დგას რეალურად ამ საქმის უკან – დეკანოზს არც ვინმესთან უვაჭრია და არც ივაჭრებს, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიმალვაში ყოფნას არ აპირებენ.
„ჩვენი პირველი ნაბიჯია ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ საზოგადოებას მივაწვდით ეტაპობრივად ინფორმაციას „ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით, თუ ვინ დგას რეალურად ამ საქმის უკან. ეს არ იქნება უბრალოდ საუბარი, ფაქტებზე იქნება დამყარებული. ჩემს ძმას უფლება აქვს, იმ ფაქტებზე, რაც სასამართლომ დახურა, ისაუბროს. პასუხგაუცემელ კითხვებს პასუხი გაეცემა. ნახეთ, რომ საღ გონებაზეა, სამწუხაროდ, ფიზიკურად არის დაუძლურებული, რაც მკურნალობას ექვემდებარება. არ ვაპირებთ მიმალვაში ყოფნას. ჩემს ძმას დაპატიმრებიდან პროკურატურა ეუბნებოდა ბრალი ეღიარებინა და იმ წუთას გამოვიდოდა, რაზეც ხელი არ მოაწერა. მას არც ვინმესთან უვაჭრია და არც ივაჭრებს”,-აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.