როგორ მოვხვდე ევროკავშირის შესყიდვების ბაზარზე? – ღონისძიების დეტალები, რომელიც ხვალ გაიმართება

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და ექსპორტის განვითარების ასოციაცია, ხვალ სახელმძღვანელოს წარმოადგენენ, რომლის სახელწოდებაა, “საჯარო შესყიდვები ევროკავშირში”.
ღონისძიება იმართება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნოს უნიკალური შესაძლებლობა და ასწავლოს, როგორ მოხვდნენ ევროკავშირის შესყიდვების ბაზარზე.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მრავალია წელია მხარს უჭერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო შესყიდვების რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციისკენ. რეფორმა, სხვა სარგებელთან ერთად, ქართულ კომპანიებს ანიჭებს უპრეცედენტო წვდომას ევროკავშირის შესყიდვების 2 ტრილიონი ევროს ბაზარზე.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა ვრცელი გზამკვლევი, რომელიც ასწავლის ქართულ კომპანიებს, როგორ მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესყიდვებში.
“საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2023 წლის 9 თებერვალს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.
კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დაინერგება ახალი პროცედურები და ინსტრუმენტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობას შესაბამისობაში მოიყვანს ევროკავშირის დირექტივებთან და ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. საჯარო შესყიდვების რეფორმის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის თანახმად, მომდევნო ათი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 2,1 მილიარდი ლარით გაიზრდება.
USAID-ის წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალჩინოსნები, მათ შორის, სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან რაზმაძე; წამყვანი ბიზნეს ასოციაციები, ანალიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე