ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმების ადვოკატის, მანანა მოსულიშვილის განცხადებით, მოკლულ მამაკაცს წარსულში ერთ-ერთი ძმის, ედვინ ბაგაშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მიცემული არ აქვს.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, საქმეში დაზარალებული საერთოდ არ ფიგურირებდა. კითხვაზე, თუ რატომ განუცხადა ბრალდებულმა გამოძიებას, რომ ფელიქს კაპანოვს მის წინააღმდეგ ჰქონდა ჩვენება მიცემული, ადვოკატი პასუხობს, რომ ამის შესახებ დაკავებულმა სავარაუდოდ, მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გამო განაცხადა.
„აღნიშნულს ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან, 2020 წელს, ჩემი მონაწილეობით, გამართლდა ბრალდებული ედვინ ბაგაშვილი, არანაირი შურისძიება არ შეიძლება ჰქონოდა. რაც შეეხება გამოძიებისათვის მის მიერ მიცემულ ჩვენებას, პოლიციაში მთელი მისი ოჯახი იმყოფებოდა, ეს ედვინ ბაგაშვილისთვის კარგად იყო ცნობილი და იმის შიშით, რომ მისი ოჯახის წევრებს რამე საფრთხე არ შექნოდათ, როგორც ჩანს, ასეთი ჩვენება მისცა, რაზეც ბრალდების მხარემ ისაუბრა. თუმცა, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. იძულებას ადგილი არ ჰქონია, თვითონ მოიფიქრა თავისი ნება-სურვილით, რომ ასეთი ჩვენება მიეცა, რომ თავისი ოჯახის წევრები სამომავლო საფრთხისგან ეხსნა, თუნდაც, გარდაცვლილის ოჯახის წვერების გამო.
იმ საქმეში დაზარალებული საერთოდ არ ფიგურირებდა, მამხილებელი ჩვენება მიცემული არ აქვს, საერთოდ არ იყო საქმეზე გამოკითხული. არ ვიცი, ამას ბრალდებული რატომ ამბობს და სინამდვილეს რამდენად შეესაბამება, რადგან საქმეში გარდაცვლილს ოფიციალურად არანაირი ჩვენება არ მიუცია და არაოფიციალურად თუ რამე ხდებოდა, ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. ვიმეორებ, ჩემი ვარაუდია, რადგან ბრალდებულის ოჯახის ყველა წევრი პოლიციაში იმყოფებოდა, ამასთან, გარდაცვლილის ძმა და ოჯახიც შეიძლებოდა აგრესიული ყოფილიყვნენ ბრალდებულების ოჯახის წევრების მიმართ, უსაფრთხოების მიზნით, მოიგონა ასეთი ვერსია, თუმცა, ეს ჩემი ვარაუდია“, – აცხადებს მოსულიშვილი.
ძმებს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ასევე 126-ე პირველი პრიმა “ბ” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
