ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. აეროპორტიდან Wizz Air-ის ბორტი 12:45 საათზე აფრინდა.
flightradar24-ის მონაცემების მიხედვით, ბორტი შავი ზღვის თავზე იყო, როცა მიმართულების შეცვლა მოუწია.
ამ რეისით მგზავრობდა რადიო თავისუფლების ერთ-ერთი ჟურნალისტი. როგორც ის ადგილიდან იუწყება, ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება. მგზავრებმა არ იციან, რა მიზეზით დააბრუნეს თვითმფრინავი აეროპორტში.
მალევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ავიაკომპანია Wizz Air-ზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება და განმარტა, რის გამოც ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა.
“მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
როდის გაფრინდებიან მგზავრები, ამ ეტაპზე უცნობია. რადიო თავისუფლება ცდილობს ავიაკომპანიისგან პასუხის მიღებას.
