80 ორგანიზაცია გენდერული კვოტირების გაუქმებას უარყოფითად აფასებს

80 ორგანიზაცია ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც გენდერული კვოტირების გაუქმებაა. ორგანიზაციები წერენ, რომ კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებისას საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პირობიდან ერთ-ერთი გენდერული თანასწორობა იყო და წინსვლის ნაცვლად, სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმების კანონპროექტის მიღება აშკარა რეგრესს და უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
გარდა ამისა, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას მიიღოს განსაკუთრებულ ზომები კაცების და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
“აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღების კანონზე და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კონსტიტუციის ცხადად დეკლარირებული ნებაა, მიანიჭოს სახელმწიფოს სქესთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფისა და არსებული უთანასწორობის აღმოფხვრისათვის გარკვეული პოზიტიური ქმედებების განხორციელების ლეგიტიმაცია. სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ პარლამენტში ქალების წარმომადგენლობის გაზრდა წარმოადგენს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტიდან მომდინარე მნიშვნელოვან კონსტიტუციურ მიზანს.
სავალდებულო გენდერული კვოტის მოქმედება დადებითად აისახა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ქალთა წარმომადგენლობა 3%-ით 19.1%-მდე, ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 13.8%-დან 24%-მდე გაიზარდა. თუმცა, ეს მაჩვენებელი ჯერ ისევ ვერ აღწევს ქალთა წარმომადგენლობის კრიტიკულ მასას – 40%-ს. 2023 წლის გლობალური გენდერული ინდექსის მიხედვით, საქართველო 76-ე ადგილს იკავებს 146 ქვეყანას შორის, ხოლო პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით 125-ე ადგილზეა.
ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის და გენდერული დისბალანსის აღმოფხვრის ვალდებულება გათვალისწინებულია არაერთ საერთაშორისო აქტში, მათ შორის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციაში, პეკინის დეკლარაციასა და სამოქმედო პლატფორმაში და ევროპის საბჭოს რეკომენდაციაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.