8 არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ღია მმართველობის საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში თანამშრომლობას წყვეტს

8 არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ღია მმართველობის საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში თანამშრომლობას წყვეტს, – აღნიშნული განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართეს.
მათი შეფასებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეუძლებელს ხდის ღია მმართველობის საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში, ნებისმიერ თანამშრომლობას.
“ბატონო დავით, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) გატეხა საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ისევე როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული პირობა და ხელახლა დააინიცირა „რუსული კანონი“. კანონი, რომელიც ს მსგავსად – მტრულ ძალად აცხადებს ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს, მათ შორის, ევროკავშირს.
მმართველი პარტია უმრავლესობას ფლობს უმაღლეს საბჭოში. ამასთანავე თვეებია მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის აქტიური კამპანია. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ არ დაგვინახავს არცერთი რეალური ნიშანი, რომელიც მიუთითებდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა არ ეთანხმება საქართველოს დამაზიანებელ ნაბიჯებს. ამ ქმედებებმა შესაძლოა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი დააკარგვინოს.
ღია მმართველობის საბჭო არის ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ფორმატი. ამგვარი ფორმატისთვის თანმდევია განსხვავებული აზრი. ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ მიზნის მიღწევის გზებზე, მაგრამ უნდა გვაერთიანებდეს საერთო მიზანი – საქართველოს წინსვლა. სამწუხაროდ, თქვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეუძლებელს ხდის ღია მმართველობის საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში ჩვენს ნებისმიერ თანამშრომლობას.
წარმოდგენილი მიზეზებიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ვტოვებთ ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციებია: „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „მწვანე სექტორი“, ა(ა)იპ ,,ს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი'', ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“; ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ – ბათუმი; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი – აჭარის ფილიალი; აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD); ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)”.

ასევე დაგაინტერესებთ