7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ს და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გადაიდო.
აღნიშნულის მიზეზი ერთ-ერთი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, კლინიკა “ვივამედიდან” მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად განცხადების გაკეთების საშუალება მისცემოდა. აღნიშნული მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.
კოლეგიის თავმჯდომარის ნინო ელიეშვილის განცხადებით, სხდომა ტექნიკურად ვერ გაიმართებოდა. მოსამართლეთა განმარტებით, მათ სხვა სხდომები გადადეს და შემდეგი პროცესი 11 მარტს, 11:30 საათზე დანიშნა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი