2023 წლის დასაწყისიდან რუსეთის ხელისუფლებამ 15 თავდაცვითი საწარმოს ნაციონალიზება მოახდინა

2023 წლის დასაწყისიდან ს გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მეშვეობით სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა 333 მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების სამხედრო-სამრეწველო პროფილის 15 საწარმო. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა გაზეთ “კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის სტრატეგიული საწარმოები, რომლებიც უკანონოდ გავიდნენ სახელმწიფოს საკუთრებიდან “და ზოგიერთ შემთხვევაში უცხოური კონტროლის ქვეშ მოექცნენ.”

„საწარმოების მიღების შემდეგ, დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვების გვერდის ავლით, არამეგობრული სახელმწიფოების მცხოვრებლებმა გაატარეს თანმიმდევრული პოლიტიკა მათ გასანადგურებლად და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დასაზიანებლად. წარმოების მოდერნიზაცია და განვითარება ათწლეულების განმავლობაში არ განხორციელებულა. საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ძირითადად საზღვარგარეთ იყო ექსპორტირებული”, – განაცხადა კრასნოვმა.
მანამდე, კრასნოვის თქმით, რუსეთის პროკურატურამ, სასამართლოების მეშვეობით, მიაღწია “სახელმწიფო კონტროლის აღდგენას ათობით სტრატეგიულ საწარმოზე”, რომელთა საერთო ღირებულება ტრილიონ რუსულ რუბლზე მეტია.
2023 წელს გენერალურმა პროკურატურამ 27 სარჩელი შეიტანა სასამართლოებში კერძო კომპანიების საკუთრებაში არსებული საწარმოების ჩამორთმევის მიზნით. “ნოვაია გაზეტა ევროპის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-რუსეთის“ ცნობით, 2023-2024 წლებში რუსეთის ხელისუფლებამ სცადა ან წარმატებით მოახდინა იმ აქტივების ნაციონალიზება, რომელთა საერთო ღირებულება ერთ ტრილიონ რუსულ რუბლზე მეტია.
სამხედრო პროფილის საწარმოების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის გარდა, რუსეთის ხელისუფლება აქტიურად აშენებს ახალ საამქროებს, რათა შეავსოს საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის ის მწვავე დეფიციტი, რასაც რუსეთის არმია ში დიდი დანაკარგების შედეგად განიცდის.
მთელი რუსეთის მასშტაბით სამხედრო ქარხნების ასეთ აქტიურ განვითარებას სამხედრო ექსპერტები იმით ხსნიან, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, არ აპირებს ომის დასრულებას უახლოეს წლებში და, შესაბამისად, ასობით მილიარდ რუბლს ხარჯავს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე.

რუსეთის ფედერაციაში არსებობს შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებს 2010 წლიდან. მის ფარგლებში მიმდინარეობს თავდაცვის კომპლექსის ძირითადი საწარმოების მოდერნიზაცია და ახალი საწარმოების მშენებლობა.
· უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთის სამხედრო ხარჯების ზრდა ინფლაციას აძლიერებს და რუსეთის მთავრობას აიძულებს რთული გადაწყვეტილებების მიღებას. ამის შესახებ 23 ოქტომბერს წერდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა.
· რუსეთის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს, 2023 წელთან შედარებით, თავდაცვის ხარჯების გაზრდას დაახლოებით 68%-ით, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-მდეა. ამასთან, 2023 წლის დონეზე რჩება ჯანდაცვის და განათლების დაფინანსება, რაც ინფლაციის გათვალისწინებით, ხარჯების შემცირების ტოლფასია. ამ ფონზე, რუსეთს სულ უფრო მეტი თანხა დასჭირდება უკრაინაში დაჭრილი ჯარისკაცების სამედიცინო მომსახურებისა და დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადასახდელად.
· რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. 2022 წელს რუსეთში ინფლაციამ 11.94% შეადგინა, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ