2012 წლამდე 20 მილიონამდე ლარის ჯარიმაა დაწერილი, ახლა კი 110 მილიონია, ეს ფული საარჩევნოდ გჭირდებათ – ირაკლი ნადირაძე

„ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოში“ ას ადამიანს ამატებთ, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ჯარიმას დაუწერენ თბილისელებს. 2012 წლამდე 20 მილიონამდე ლარის ჯარიმაა დაწერილი, ახლა კი 110 მილიონია – ამ ფულით თბილისელების პრობლემებს კი არ მოაგვარებთ, არამედ დამატებითი ფინანსური რესურსისთვის გჭირდებათ საარჩევნოდ, რომ იქნებ ფულით მაინც გახვიდეთ ფონს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძის შეფასებით, ეკონომიკაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებები ციფრებით ჟონგლიორობაა.
„სამწუხაროდ, დილიდან ვისმენთ „ქართული ოცნების“ დემაგოგიას, თითქოს ისე ყვავის ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ეკონომიკა, რომ ვითომ ბავშვები არ შიმშილობდნენ, პენსიონერები არ იხრჩობოდნენ საპენსიო სესხებში, გეგონება ეს ის ქალაქი და ის ქვეყანა არ არის, საიდანაც ჩვენი 800 000 მოქალაქე გაიქცა, მათ შორის შარშან 100 000-ზე მეტი უცხოეთში სამუშაოს საძებნელად. თითქოს ეს ის ქალაქი არ არის, სადაც ვერ გადაწყვიტეთ საცობების პრობლემა და თბილისელები საათობით რომ დგანან საცობებში. თითქოს ეს ის ქალაქი არ იყოს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ვერ გადაწყვიტეთ, ავარიული კორპუსების პრობლემა ვერ გადაწყვიტეთ, დასუფთავების, გამწვანების პრობლემა. გეგონება, ეს ის ქალაქი არ იყოს, სადაც ადამიანები სასადილოების რიგში დგანან, რომ ლარი და 70 თეთრად გამოიკვებონ, ან ის ქალაქი არ იყოს, სადაც იგივე შარშან, თქვენ უამრავ ადამიანს უთხარით უარი მედიკამენტების ან ოპერაციების დაფინანსებაზე. დიახ, შარშან თქვენ ვერ აითვისეთ 200 მილიონი ლარი და ეს თანხა გადმოიტანეთ 2024 წელს და მიზანი იყო ერთადერთი, რომ საარჩევნოდ როგორც ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი გამოგეყენებინათ დამატებით ეს თანხები. რეალური ზრდა სინამდვილეში არ არის, მარტივი ლოგიკით მაშინ წელს ეს ორი მილიარდი არ დახარჯოთ და მომავალ წელს ოთხ მილიარდს დავხარჯავთ ოპოზიცია, რადგან მომავალ წელს თქვენ ხელისუფლებაში აღარ იქნებით, ანუ ეს არის ლოგიკა? წელს თურმე ფული არ დახარჯეთ, მომავალ წელს რომ მექანიკურად დაუმატებთ, ეგ არის ბიუჯეტის ზრდა? ეს არის უბრალოდ ციფრებით ჟონგლიორობა, სხვა არაფერი და ამასაც უბრალოდ უცნაური პიარისთვის იყენებთ, მაგრამ ბიუჯეტზე ისაუბრეთ და რატომღაც არ ისაუბრეთ ამ გაბერილ ბიუროკრატიაზე, სადაც უამრავი ადამიანია ფიქტიურად გაფორმებული და ამაზე აუდიტის დასკვნაც იდებოდა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც სამსახურშიც კი არ დადიოდნენ, უბრალოდ გაფორმებულები გყავთ, კვლავ და კვლავ, ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოში ას ადამიანს უმატებთ, რომელზეც დამატებით ორ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს და ჯამში მერიის შრომის ანაზღაურება 130 მილიონი ლარი უნდა გახდეს, რაც კატასტროფულად წარმოუდგენელია ისეთ ქალაქში, სადაც უამრავი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემაა. მაგრამ ასევე არ ეუბნებით სიმართლეს, რატომ უმატებთ ამ ას ადამიანს, ესენი იქნებიან მათ შორის ის ადამიანები და თქვენ კომისიებზე დაადასტურებთ, რომლებიც კიდევ უფრო ჯარიმას დაუწერენ თბილისელებს და თუ ეს ასე არ არის მაშინ მითხარით.
და „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ ამ გაძვირებული ცხოვრების, გაძვირებული პროდუქტების, მედიკამენტების, გაზრდილი სესხების ფონზე კიდევ დამატებით ამოიღოს 110 მილიონი ლარი. ეს არის მწარე სიმართლე სინამდვილეში, რომელზეც საუბარი არ გინდათ. 2012 წლამდე ჯარიმები იყო 20 მილიონ ლარამდე მხოლოდ, 110 მილიონია ახლა, ხუთ ნახევარჯერ გაქვთ გაზრდილი და თქვენ გინდათ, რომ ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად გაღარიბდეს, კიდევ უფრო მეტად გაღატაკდეს და ეს ფული დიახაც მოიხმაროთ არა თბილისელების პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ გსურთ, რომ დამატებითი ფინანსური რესურსი გქონდეთ, რომ ამ არჩევნებზე იქნებ ფულით მაინც რაიმე გააკეთოთ, მაგრამ ზუსტად იცოდეთ, როგორი ტყუილი დაპირებებიც დღეს ისმის, რომ თითქოს ეკონომიკა ყვავის, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ვერც სამუშაო ადგილები შექმენით, ვერც გაჭირვებას უშველეთ, ვერც გაძვირებულ ფასებს, ხალხი გააქციეთ ქვეყნიდან, ვერც კომუნალურები გაანახევრეთ, ვერც საწვავი გააიაფეთ, ყველა იმ შეუსრულებელი დაპირებების გამო თქვენ ძალიან მალე უბრალოდ აღარ იქნებით ხელისუფლებაში და ის ხელისუფლება შემდგომში იქნება წარმოდგენილი კოალიციური ოპოზიციის სახით, რომელიც ძალიან გინდათ დააკნინოთ და მუდმივად ცდილობთ, რომ ერთმანეთს გადაგვკიდოთ“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ