18 ოქტომბერს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად“, გზის „ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით, შსს-მ კვირას, 19 ოქტომბერს, 14 ადამიანი დააკავა, რომელთაგან უმეტესობას სხვადასხვა ხანგრძლივობით პატიმრობა შეუფარდეს.
„ოცნების“ შს მინისტრის მოადგილე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 18 ოქტომბრის აქციაზე, რუსთაველზე მყოფი 27 ადამიანი ჰყავთ იდენტიფიცირებული, რომელთაგან 14 დაკავებულია, 13-ის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება და მათი საქმეებიც უახლოეს დღეებში შევა სასამართლოში.
დაკავებულებიდან ნაწილს სხვადასხვა ხანგრძლივობის პატიმრობა შეეფარდა, ნაწილის საქმის განხილვა გადაიდო, ნაწილი გაფრთხილებით გამოუშვეს.
· ვახო სანაიას — 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. [„კონსტიტუცია დახიეს, ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალეს. 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავს, სახები დაულეწეს ხალხს, დაასისხლიანეს — ამიტომ ვკეტავთ ბუნებრივად და არა ხელოვნურად გზას. ჩვენ ამ ბრძოლაში არ გავჩერდებით. სულერთია, რა გადაწყვეტილებას გამოიტანთ. არავინ არ შეშინდება. რუსთაველი გადაიკეტება იქამდე, სანამ არ დაეცემა ივანიშვილის რეჟიმი. ჩემი უფლება კი არა, ვალდებულებაა, ვიყო იქ, სადაც დგას ჩემი ხალხი“, — თქვა ტელეწამყვანმა სასამართლოში.]
· ლევან ჯობავას — 14-დღიანი პატიმრობა.
· შალვა ჩუბინიძეს — 14-დღიანი პატიმრობა.
· საბა ხომერიკს — 8-დღიანი პატიმრობა.
· დავით გოგიჩაიშვილს — 6-დღიანი პატიმრობა, „პირბადის კონფისკაციით“. [დავით გოგიჩაიშვილის სხდომა ღამის 10 საათზე დაიწყო და ნაშუაღამევს დასრულდა. თითქმის ერთი საათი ელოდნენ შსს-ს მოწმე პოლიციელებს, რომელთაც უნდა დაედასტურებინათ, რომ გოგიჩაიშვილს პირბადე ეკეთა წინა დღით აქციაზე.]
· ლევან მარგიანს — 6-დღიანი პატიმრობა.
· გიორგი ყიასაშვილს — 6-დღიანი პატიმრობა.
· ნინო სვანიძეს — 5-დღიანი პატიმრობა. [„ბაბუაჩემები მსხვერპლები იყვნენ (რეპრესირებულები), მაგრამ მე არ მივიჩნევ თავს მსხვერპლად. იმიტომ, რომ ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ. რა სასჯელსაც მომისჯით, პატივი იქნება ჩემთვის“, — მიმართა სვანიძემ მოსამართლეს.]
· ლარა ნაჭყებიას — 4 დღიანი პატიმრობა.
· თორნიკე თხილავა, გელა გამყრელიძე სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლეს სასამართლოდან.
· გადაიდო და ლაშა ჩხარტიშვილის საქმის განხილვა 24 ოქტომბერს და მანამდე ის დაკავებიდან გათავისუფლდა. [ლაშა ჩხარტიშვილი შვილთან ერთად იმყოფებოდა და დედის ორმოცზე, სასაფლაოზე მიდიოდა. მისი თხოვნა, რომ საფლავზე გასვლის საშუალება მიეცათ და თავად მივიდოდა განყოფილებაში, პოლიციამ არ გაითვალისწინა.]
· გადაიდო და ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლდა ვახტანგ მაჭავარიანი, რომელმაც განაცხადა, რომ მეორე ჯგუფის შშმ პირია. მომდევნო სხდომაზე მან დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს.
· ჯანმრთელობის ცნობა უნდა წარადგინოს სასამართლოში მომდევნო სხდომაზე მამუკა კუპრეიშვილმაც. ისიც გათავისუფლებულია ადმინისტრაციული დაკავებიდან.
„თუ აღნიშნული პირები განმეორებით ჩაიდენენ მსგავს ქმედებას, მათ მიმართ დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, — განაცხადა დარახველიძემ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პროტესტის წინააღმდეგ მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებულად განიხილა და მიიღო.
მაგალითად, რის გამოც (გზის გადაკეტვა პროტესტისას), წინა ცვლილებების შემდეგ, დემონსტრანტებს 5000 ლარებით აჯარიმებდნენ, ახლა შეუძლიათ ადმინისტრაციული წესით 60 დღემდე ვადით დააპატიმრონ, განმეორების შემთხვევებში კი – სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მისცენ.
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბის დაფარვის, ცრემლსადენი ანდა მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის, ან დროებით კონსტრუქციის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
„ინიციირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. […] ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ — დაგაპატიმრებ“, — ასე შეფასდა „ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
