15 წიგნი, რომელიც 15 წლის შემდეგ უნდა შემატო შენს ბიბლიოთეკას

„პალიტრა L-ის“ წარმატებული პროექტის შექმნიდან- 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ 15 წელი გავიდა, რის აღსანიშნავადაც გამომცემლობამ მკითხველს წიგნების ახალი სერია შესთავაზა.
სერია – „კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“, გააერთიანებს იმ ლიტერატურულ ნამუშევრებს, რომელსაც მკითხველი თავად შეარჩევს. გამოკითხვის შედეგად აღნიშნულ სიაში მოხვდა როგორც საბავშვო, ისე ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ლიტერატურა.
მსგავსი სერიები საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, თვალი მივადევნოთ თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებსა და მნიშვნელოვან ნამუშევრებს და მეორე მხრივ, გავეცნოთ კლასიკურ ლიტერატურას.
კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო, პირველადი სია:
· ჯორჯ მარტინი – „ცეცხლი და სისხლი“;
· ნაირა გელაშვილი – „დედის ოთახი“;
· „ანა ფრანკის დღიური“;
· ალექსანდრე დიუმა – „ქალი ხავერდის ყელსაბამით“;
· კაზუო იშიგურო – „არასოდეს გამიშვა“;
· ჩარლზ დიკენსი – „Hard Times”;
· გურამ დოჩანაშვილი – მოთხრობები;
· მილან კუნდერა – ყოფის აუტანელი სიმსუბუქე;
· უილიამ ფოლკნერი – Reivers;
· სტივენ კინგი – „ნათება“;
· ჯეინ ოსტინი – „ემა“;
· ორჰან ფამუქი – „უმანკოების მუზეუმი“;
· მარგარეტ ეტვუდი – „მხევლის წიგნი“.
როგორც „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე განმარტავს ახალი სერიის მთავარი მიზანი მკითხველისთვის ისეთი ნაწარმოებების შეთავაზებაა, რომლებიც ქართულად ჯერ არ თარგმნილა, ან ისეთების, რომლებიც გამოცემულია ქართულად, მაგრამ ორიგინალიდან არ არის ნათარგმნი.
„გარდა ამისა, მკითხველი მე-20 და 21-ე საუკუნის ქართველი ავტორების ტექსტებსაც გაეცნობა. სერიაზე მუშაობა დაწყებულია. ზაფხულიდან გამოკითხვა მიმდინარეობს სხვადასხვა არხის მეშვეობით და უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოხატა აზრი. ასევე, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა წიგნის ყდების კონცეფციაზე და საერთო ჯამში ლამაზი, საინტერესო და ყველა გემოვნების მკითხველისთვის საყვარელი გამოცემები მზადდება“, – აღნიშნა მარიამ გიორგაძემ.
კითხვაზე, რა მნიშვნელობა აქვს სერიის შედგენაში მკითხველის ჩართულობას, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ წიგნების შერჩევისას საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანია:
„15 წელში იცელება თაობა, იცვლება გემოვნება, ინტერესები და მისწრაფებები. ახლა გვაქვს შესაძლებლობა გავიგოთ, რას კითხულობს თანამედროვე მკითხველი, ლიტერატურის რომელი ჟანრი და როგორი სტილი მოსწონს მას. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ჩართულობითა და ძალისხმევით საინტერესო და მნიშვნელოვან ავტორებს აღმოვაჩენთ და ერთ სერიაში გავაერთიანებთ. მკითხველის სურვილი და შემოთავაზებები მნიშვნელოვანია“, – განმარტა მარიამ გიორგაძემ.
კიდევ მთავარი 15 წიგნის სერიის შესაქმნელად გამოკითხვა ისევ მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს ან დარეკეთ ნომერზე 2 47 00 45
#პალიტრაL #15წიგნი #მარიამ გიორგაძე #50წიგნი
(R)