14 სენატორი კობახიძეს “აგენტების კანონის” გაწვევისკენ მოუწოდებს, სხვა შემთხვევაში, ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ – ამერიკის ხმა

ამერიკის ხმა იუწყება, რომ -ის სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, თუ ხელახლა ინიციირებული “უცხოური აგენტების კანონპროექტი” კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.
ამერიკის ხმა, ასევე წერს, რომ ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ.
სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს კანონი, “რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას”.
ამერიკის ხმა, ასევე წერს, რომ მათ მიერ მოპოვებული წერილის ასლის თანახმად, სენატორები ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას წაახალისებენ, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში უცხოეთის გავლენის აგენტის ხელმეორედ ინიციირებული კანონი ამოქმედდება.
“ამ კანონმდებლობის ამოქმედებას შეუძლია მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე. შედეგად, ეს კანონმდებლობა საქართველოს უახლოეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შერაცხავს, როგორც მავნე აქტორებს. ასეთი ცვლილება განაპირობებს შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასახოს საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობა”, – ციტირებს სენატორების წერილს “ამერიკის ხმა”.
„აგენტების კანონი“, – ფორმალურად „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, – პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს – 83 ხმით.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის – რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.