მონა ლიზა, შესაძლოა, ლუვრის მიწისქვეშა ოთახში გადაიტანონ

მონა ლიზა, შესაძლოა, ლუვრის მიწისქვეშა ოთახში გადაიტანონ. ინიციატივის ავტორი მუზეუმის დირექტორი, ლორენს დე კარსია. იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მილიონობით ვიზიტორმა აღნიშნა, რომ ლეონარდო და ვინჩის ყველასათვის ცნობილი ნამუშევრის ნახვა უსიამოვნო ემოციებს აღძრავს.
მუზეუმმა მოსაზრების განსამტკიცებლად გამოკითხვაც ჩაატარა. ისინი, ვინც მონა ლიზა მოინახულეს, გამოცდილებას უარყოფითად აფასებენ. სწორედ ამის შესაჩერებლად, დირექტორი განიხილავს, იდუმალებით მოცული პორტრეტი მუზეუმის მიწისქვეშა ოთახში გადაიტანონ.
“მონა ლიზას ცალკე ოთახში მოთავსებამ, შესაძლოა, საზოგადოების იმედგაცრუება დაასრულოს. რადგანაც მილიონობით ვიზიტორი უკმაყოფილებას გამოთქვამს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ და ცვლილების დროა. მთავარი საგამოფენო სივრციდან მოშორებით გადატანა პერსონალური გადაწყვეტილება ვერ იქნება. გუნდი ინიციატივას დეტალურად განიხილავს”, – ამბობს ლორენს დე კარსი.
 უარყოფითი ემოციების გარდა, ზოგიერთი მნახველი მონა ლიზას “მსოფლიოში ყველაზე იმედგამაცრუებელ შედევრს” უწოდებს. გამოკითხვაში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის 18 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. კომენტარების 40% მკვეთრად უარყოფითი იყო.
ცნობისთვის, მონა ლიზა დაახლოებით 1503 წელსაა შესრულებული. იგი ხელოვნების დარგის ერთ-ერთ, თუ არა ყველაზე, ცნობად ნამუშევარს წარმოადგენს. ტილო გინესის რეკორდის მფლობელია, როგორც ყველაზე ძვირად დაზღვეული ხელოვნების ნიმუში, რომელიც 1962 წელს 100 მილიონ დოლარად დააზღვიეს, ხოლო 2017 წელს დაზღვევის ღირებულებამ დაახლოებით 800 მილიონ დოლარს მიაღწია. მიიჩნევა, რომ ის ლიზა დელ ჯოკონდოს პორტრეტია. ნახატი 1797 წლიდან მუდმივ კომპოზიციაში, პარიზში, ლუვრის მუზეუმშია გამოფენილი.

ასევე დაგაინტერესებთ