საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, 13 ივნისს, 12:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოში „მარიამ გოგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება.
მათივე ცნობით, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, პირს, რომელიც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგა ნოტარიუსის თანამდებობიდან და რომლისთვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, შეუძლია, განცხადებით მიმართოს იუსტიციის მინისტრს და მოითხოვოს ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნება, ხოლო კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი დაინიშნება ნოტარიუსის თანამდებობაზე.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.
„მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა განსაზღვრავს ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად საგამონაკლისო წესს, რომლის საფუძველზეც თანამდებობიდან გადამდგარ პირებს, გამარტივებული პროცედურის გათვალისწინებით, ნოტარიუსის თანამდებობაზე დასაბრუნებლად არ მოეთხოვებათ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მასზე არ ვრცელდება სადავო ნორმით გათვალისწინებული საგამონაკლისო წესი, ვინაიდან მან პირადი განცხადების საფუძველზე, ნოტარიუსის თანამდებობა დატოვა არა განსახილველი კანონის ამოქმედებამდე გათვალისწინებულ ბოლო ორწლიან პერიოდში, არამედ მოგვიანებით.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რადგან ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას არსებითად თანასწორი პირების მიმართ, რომელთაც აქვთ სანოტარო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ერთნაირი კომპეტენცია, ცოდნა, გამოცდილება და სამართლებრივი ინტერესი.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.