გაიზარდა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის ჯარების სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულების და დაშავებულების რიცხვი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაიღუპა 11 და დაშავდა 89 ადამიანი. მათ შორის დაღუპულია 2 და დაშავებულია 11 ბავშვი.
რუსეთის სამხედრო ძალებმა ქალაქ სუმის 17 ნოემბერს, გვიან საღამოს, დაარტყეს. შუაღამის მონაცემებით, დაღუპული იყო 10 ადამიანი და დაშავებული – 52.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო შეტევა იყო ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონზე, სადაც დაზიანებულია 10-ზე მეტი მრავალბინიანი კორპუსი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაზიანებული სახლებიდან ევაკუირებულია 400-ზე მეტი ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ სუმიში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში დამნაშავე უნდა დაისაჯოს.