1 ივლისიდან ელექტრონული ბირჟა ამოქმედდება – რა მნიშვნელობა აქვს მას სექტორისთვის

ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ეტაპობრივად გაიხსნება. რა მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირების დაწყებას ქვეყნისთვის, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს განახლებადი ენერგიის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ ისაუბრა. მისი თქმით გამომდინარე იქიდან, რომ ბირჟის გახსნა 6-ჯერ გადაიდო, მოლოდინები ძალიან მაღალია.
„დღეს შესაძლოა ჩვენთან არსებული ტარიფი ინვესტორებისთვის მომხიბვლელი არ არის, თუმცა მოთხოვნა – მიწოდების საფუძველზე ბირჟაზე ჩამოყალიბდება ფასი, რომელიც თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ბაზრის პირობებში დადგინდება.
ინვესტორი იბრძვის იმისთვის, რომ დაინახოს ამ ფასის წარმოშობის მოცემულობა და არ იყოს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ფასზე დამოკიდებული. რაც შეეხება CFD აუქციონს, ეს არის პირველადი ნაბიჯებისთვის წამახალისებელი. ბირჟის გახსნით მეტი შესაძლებლობა მიეცემა ინვესტორს,რომ თავისუფალ ბაზარზე თავისუფალი ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა და ექსპორტზე გატანა შეძლოს .“ – აღნიშნა მაია მელიქიძემ.
მელიქიძის თქმით, ზუსტად ამ თავისუფლებისთვის იბრძვის სახელმწიფოც და კერძო სექტორიც. მისივე თქმით ბირჟის გახსნა სრულყოფილად ვერ მოხერხდება, თუმცა ნაწილ-ნაწილ განვითარდება.
„განვითარებულ სამყაროს დასჭირდა 10 წელი, ჩვენ ამის დრო არ გვაქვს, ძალიან გვჭირდება ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების გამრავლება და 1-ელ ივლისს ბირჟის გახსნით პირველი ნაბიჯი გადადგმული იქნება.
წყლის ენერგეტიკას მზის და ქარის რესურსი ვერ ჩაანაცვლებს, ჩვენ ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით გამოცდილება გვაქვს და ვართ ის ქვეყანა, რომელსაც წყალი უხვად აქვს.
ჩვენ ჩვენი რესურსის მხოლოდ 22% გვაქვს გამოყენებული, რაც შეეხება მზის ენერგიას ნეტო აღრიცხვით ვაგენერირებთ 67 მეგავატს, რაც შეეხება ქარის ენერგიას 1,7% გვაქვს ათვისებული. ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს ქვეყანას, თუმცა ჰიდროენერგეტიკის ჩანაცვლება მზით და ქარით შეუძლებელია, რადგან ცვალებადი ენერგიაა. ჩვენ უნდა გვქონდეს ჰიდროენერგეტიკა პირველ ადგილზე განვითარებული და საჭიროების შემთხვევაში მივაშველოთ ქარი და მზე.“ – აღნიშნა მაია მელიქიძემ.