ჰერცოგი ირანზე: ეს ომის გამოცხადებაა, განვიხილავთ ყველა ვარიანტს

ს პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა Sky News-თან საუბარში ირანის თავდასხმას ომის გამოცხადება უწოდა და ახლა თქვა, რომ საპასუხოდ ყველა ვარიანტს განიხილავენ.
“ეს ომის გამოცხადებაა. ახლა, რადგან თავშეკავებულები ვართ და ვიცით შედეგები, რადგან პარტნიორებთან სიღრმისეულად ვმსჯელობთ, განვიხილავთ ყველა ვერსიას და მტკიცედ მჯერა, რომ გადავდგამთ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი ხალხის დასაცავად.” – თქვა ისრაელის პრეზიდენტმა მედიასთან.
14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.
1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.