ჰამასმა დაადასტურა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სიკვდილი

პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, ისრაელის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური დაიღუპა ლიბანში მომხდარი აფეთქების შედეგად. მედიასაშუალებებით 2 იანვარს გავრცელებული ეს ინფორმაცია დაადასტურა ჰამასმა, რომლის მონაცემებით, მოკლულია კიდევ 2 მეთაური და ორგანიზაციის 4 სხვა წევრი.
ლიბანის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, აფეთქება 2 იანვარს მოხდა ჰამასის ოფისში, რომელიც ბეირუთის გარეუბან დაჰიაში მდებარეობს.
57 წლის სალეჰ ალ-არური ჰამასის იერარქიაში მეორე პირად ითვლებოდა. ის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე და მოძრაობის სამხედრო ფრთის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეთაური იყო და მჭიდრო კავშირი ჰქონდა ირანთან და ლიბანში მოქმედ რადიკალურ დაჯგუფება ჰეზბოლასთან. ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. მის მკვლელობაში ჰამასმა ისრაელი დაადანაშაულა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში.
ისრაელის არმია 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში აწარმოებს ომს ჰამასის წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ფართომასშტაბიანი თავდასხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)