ჰაერის ხარისხი WHO-ს ნორმებს მხოლოდ შვიდ ქვეყანაში შეესაბამება

ჰაერის ხარისხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ნორმებს მხოლოდ შვიდ ქვეყანაში შეესაბამება. ამას მეტყველებს ანგარიში, რომელიც ჰაერის მაკონტროლებელმა კომპანია IQAir-მა გამოაქვეყნა 2023 წლის მონაცემებით.
ჰაერში მყარი მიკრონაწილაკების, PM2.5-ის, – მათ შორის ჭვარტლისა და მტვრის, – შემცველობა, რომელთა ჩასუნთქვა მრავალ პრობლემას იწვევს ჯანმრთელობისთვის, ყველაზე დაბალია მავრიკიში. მას მოსდევენ ისლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, და ფინეთი.
2023 წელს ყველაზე დაბინძურებული ჰაერი იყო ბანგლადეშში: საშიში მიკრონაწილაკების რაოდენობა იქ 16-ჯერ აღემატებოდა ნორმას – კუბურ მეტრ ჰაერზე ხუთ მიკროგრამს, რაც WHO-მ დააწესა 2021 წელს. ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქვეყნების სამეულში ასევე შედიან და ინდოეთი.
საქართველო ამ სიაში 62-ე ადგილზეა კატეგორიაში, რომელში შემავალ ქვეყნებშიც ჰაერის დაბინძურება ნორმას 3-5-ჯერ აღემატება.
მყარი მიკრონაწილაკების, PM2.5-ის, ემისია ძირითადად ხდება ისეთი საწვავის წვის შედეგად, როგორებიცაა ნახშირი, ხეტყე, დიზელის საწვავი, და მოცულობის გამო დიდხანს რჩება ჰაერში. WHO-ს მონაცემებით, დაბინძურებული ჰაერი იწვევს შვიდი მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს, ასევე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 2,2 წლით ამცირებს.
როგორც The Guardian-ი წერს, ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ჰაერის მცირე დაბინძურებაც კი ახდენს გავლენას სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვის რაოდენობის ზრდაზე სასუნთქი გზებისა და გულის პრობლემების გამო.
ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად IQAir-ის ექსპერტები ქვეყნებს ურჩევენ, გაზარდონ ფეხით მოსიარულეთა წილი, შეცვალონ სატყეო მეურნეობის წარმოების მეთოდები და უფრო სწრაფად შეცვალონ წიაღისეული ენერგომატარებლები სუფთა ენერგიით. „ატმოსფერულ სარტყელს მსოფლიოში ყველა დანარჩენთან ვიყოფთ. საჭიროა, დავრწმუნდეთ, რომ არ ვაკეთებთ იმას, რაც ზიანს აყენებს სხვებს“, – განაცხადა IQAir-ის წარმომადგენელმა გლორი ჰამესმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება გირგვლიანის გარდაცვალებისა და გელაშვილზე თავდასხმის საქმეებზე სამართლიანი და სათანადო მტკიცებულებებით იყო გამყარებული